ყირიმში უპილოტო თვითმფრინავმა დარტყმა მიაყენა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბბინას
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბბინაზე ოკუპირებულ ყირიმში უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმა მოხდა 20 აგვისტოს, დილით, იტყობინება რუსეთის მიერ დანიშნული ადმინისტრატორი.
მიხაილ რაზვოზჟაევმა, სევასტოპოლში მოსკოვის მიერ დანიშნულმა ადმინისტრატორმა, Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, რომ დრონი შენობის სახურავს შეეჯახა და რომ მსხვერპლი არ ყოფილა.
იმავე დღეს, ოკუპირებული მმართველობის ოფიციალურმა პირმა, ოლეგ კრიუჩკოვმა, Telegram-ზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც დაწერა, რომ "პატარა დრონებით შეტევა გრძელდება" სხვადასხვა ადგილას მთელ ყირიმში და მოსახლეობას მოუწოდა, "შეინარჩუნოს სიმშვიდე".
20 აგვისტოს ადგილობრივმა მედიამ განაცხადა საჰაერო თავდაცვის აქტივობის შესახებ ყირიმის დასავლეთში მდებარე ქალაქ ევპატორიასთან, სამხრეთში მდებარე ქალაქ ბახჩისარაისთან და სიმფეროპოლთან.
ამ ინციდენტებს ადგილი ჰქონდა ერთი დღეში მას მერე, რაც მოსკოვმა დაადასტურა, რომ ვიცე-ადმირალმა ვიქტორ სოკოლოვმა დაიკავა ფლოტის მთავარსარდლის პოსტი რიგი წარუმატებლობების შემდეგ.
ეს მეორე შემთხვევაა, როცა ფლოტის შტაბბინაზე დრონით შეტევა განხორციელდა. ივლისის ბოლოს, სევასტოპოლმა გააუქმა ზეიმი რუსეთის საზღვაო ძალების დღის აღსანიშნავად მას შემდეგ, რაც დრონის მიერ ჩამოგდებული ბომბის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა.
აპრილში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი, სარაკეტო კრეისერი "მოსკვა" ჩაიძირა ყირიმთან. რუსეთი ამტკიცებდა, რომ გემს ზიანი საბრძოლო მასალის აფეთქებამ მიაყენა, ხოლო უკრაინა ამტკიცებს, რომ სარაკეტო დარტყმის შედეგად ჩაიძირა.
უკრაინელი ოფიციალური პირები თავს არიდებდნენ აფეთქებებზე პასუხისმგებლობის საჯაროდ აღებას, მაგრამ The New York Times-ს მოჰყავს უკრაინელი მაღალი თანამდებობის ოფიციალური პირის სიტყვები, რომლის სახელსაც არ ასახელებს და რომლის მიხედვითაც ელიტარულმა უკრაინულმა სამხედრო ნაწილმა, რომელიც მტრის ზურგში მოქმედებდა, სულ მცირე, ზოგიერთი ასეთი თავდასხმა განახორციელა.