თურქეთის თავდაცვის უწყება: მარცვლეულით დატვირთულმა კიდევ ორმა გემმა დატოვა უკრაინის ნავსადგური
უკრაინის შავი ზღვის ნავსადგური, ჩერნომორსკი, მარცვლეულით დატვირთულმა კიდევ ორმა გემმა დატოვა, იტყობინება თურქეთის თავდაცვის უწყება.
გაეროს და თურქეთის შუამავლობით მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმების მიღწევის მერე უკვე 27 ხომალდი გავიდა უკრაინის ნავსადგურებიდან.
უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის და შავი ზღვის ნავსადგურების ბლოკირების შემდეგ მსოფლიო ბაზარზე უკრაინის მარცვლეულის გატანა შეწყდა, რამაც გააჩინა მსოფლიოში სასურსათო კრიზისის საშიშროება.
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა, 20 აგვისტოს სტამბოლში უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის საკონტროლო ცენტრი მოინახულა. იქ მოწმდება მარცვლეულის სატრანსპორტო, უკრაინიდან ჩასული ან უკრაინაში მიმავალი გემები.
ეს არის შეთანხმების პირობა, რომელსაც გაერომ და თურქეთმა რუსეთსა და უკრაინასთან მიაღწიეს. რუსეთმა მოითხოვა შემოწმების ჩატარება, რათა საზღვაო გზით უკრაინაში იარაღი არ შესულიყო.