საოკუპაციო ძალებმა უკანონო "ბორდერიზაციის" პროცესი განაახლეს
ქარელის და დუშეთის მუნიციპალიტეტების სოფლების გასწვრივ უკანონო "ბორდერიზაციის" პროცესი განახლდა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქონის და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდნენ და მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვა დაიწყეს. მოსახლეობამ სამუშაოების დაწყება დღეს, 20 აგვისტოს შენიშნა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ ამ სოფლების მიმდებარედ უკანონო ბორდერიზაციის პროცესი 2021 წლის აპრილში დაიწყო და ახლა პროცესის გაგრძელებაა. უწყებამ გაააქტიურა ცხელი ხაზი და ინფორმაცია მიაწოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.
"უკანონო ბორდერიზაციის ყველა ფაქტი განიხილება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე. უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს უსაფრთხოების გარემოს, აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო რეჟიმს", - განაცხადეს სუს-ში.
შიდა ქართლში უკანონო "ბორდერიზაციის" პროცესი აქტიურად მიმდინარე წლის თებერვლიდან განაახლეს, როცა სოფელ კირბალში სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია თეთრი ლენტებით მონიშნეს. ამის შემდეგ კი მეჯვრისხევსა და ჯარიაშენში გადაინაცვლეს. მარტში, აპრილში, მაისსა და ივნისში პროცესი გააგრძელეს სოფლებში: დირბში, დვანში, ხურვალეთში, გუგუტიაანთკარში, მერეთსა და ზარდიაანთკარში.