ვოზნესენსკიზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა
რუსეთის მიერ ნიკოლაევის რეგიონში, ვოზნესენსკიზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვი, ორი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, იუწყება ნიკოლაევის საოლქო პროკურატურის პრესსამსახური.
პროკურატურამ ომის კანონებისა და წესების დარღვევის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიება დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით, 20 აგვისტოს, დაახლოებით 11:30 საათზე, რუსეთის ჯარებმა ნიკოლაევის ოლქის ქალაქ ვოზნესენსკიზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. რაკეტა მოხვდა ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს, დაზიანდა შენობის 2 შესასვლელი, ასევე მიმდებარე კერძო სახლები და მანქანები.
პროკურატურა ხაზს უსვამს, რომ ამ ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტები არ ყოფილა.
ვოზნესენსკი დაახლოებით 30 კილომეტრშია უკრაინაში სიდიდით მეორე პივდენნუკრაინსკის ატომური ელექტროსადგურიდან. ატომური სადგურის დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. სახელმწიფო Energoatom-მა, რომელიც მართავს ოთხივე უკრაინულ ატომური ენერგიის გენერატორს, ვოზნესენსკიზე თავდასხმა „რუსული ბირთვული ტერორიზმის კიდევ ერთი აქტად“ შეაფასა. „შესაძლოა, ამ რაკეტის სამიზნე იყო კონკრეტულად პივდენნუკრაინსკის ატომური ელექტროსადგური, რომლის დაკავებაც რუსმა სამხედროებმა მარტის დასაწყისში სცადეს“, - ნათქვამია Energoatom-ის განცხადებაში.
რუსეთის ოფიციალურ პირებს ბრალდებაზე ამ დროისთვის არ უპასუხიათ.