რუსმა დეპუტატმა დაგმო შვილი როგორც "მოღალატე" იმის გამო, რომ ის უკრაინაში ომის წინააღმდეგია
რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატის, ფედერაციის საბჭოს, წევრმა საკუთარ ქალიშვილს "მოღალატე" უწოდა მას შემდეგ, რაც მან ინტერვიუში დაგმო რუსეთის შეჭრა მეზობელ უკრაინაში.
"ცხადია, რომ მან მიიღო ფული გარკვეული მასმედიისგან - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მან გაყიდა თავისი მამა, თავისი ოჯახი, თავისი სამშობლო", - დაწერა 19 აგვისტოს Telegram-ზე ფედერაციის საბჭოს წევრმა, ედუარდ ისაკოვმა - რომელიც ჩრდილოეთ ხანტისა და მანსის - იურგის ავტონომიურ რეგიონს წარმოადგენს - თავის უფროს ქალიშვილზე, დიანა ისაკოვაზე, "ძნელია მოძებნო სიტყვები, როცა შენი ქალიშვილი მოღალატე აღმოჩნდება", წერს რუსი კანონმდებელი.
იმავე დღეს, უფრო ადრე, 25 წლის ისაკოვამ Meduza-ს და BBC-ის განუცხადა, რომ მან დატოვა რუსეთი და განზრახული აქვს, საზღვარგარეთ ჩამოაყალიბოს "ახალი ოპოზიცია" ომის წინააღმდეგ.
ისაკოვას მშობლები დიდი ხნის წინ დაშორდნენ ერთმანეთს და, მისი თქმით, მას არ აქვს "ახლო ურთიერთობა" მამასთან.
"ომი როცა დაიწყო, დანაშაულის გრძნობა მქონდა", უთხრა ისაკოვამ Meduza-ს. "ახლა მე ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემი გადაწყვეტილებებისა და მოქმედებებისთვის და ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია, რომ დავეხმარო ხალხს, ოპოზიციას, რუსეთის ერებს და ა.შ. დანაშაულის გრძნობა არავის არაფერს უკეთებს კარგს. მე ვიღებ წარსულს ისე, როგორც ის არის და რაც შემიძლია, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ რაღაც უკეთესობისკენ შევცვალო".
Telegram-ის პოსტში, ისაკოვმა აღნიშნა, რომ ის "დიანას აღზრდაში არ ჩარეულა მას შემდეგ, რაც ის 3 წლისა იყო". ის ამტკიცებს, რომ მას (დიანას) ფსიქიკური პრობლემები აქვს და რომ "რთულია მასთან ურთიერთობა".
როცა მან შეიტყო იმის შესახებ, რომ დიანამ სოჭში გამართულ ომის საწინააღმდეგო დემონსტრაციაში მიიღო მონაწილეობა, შეეცადა "აეხსნა მისთვის საჭიროება" უკრაინაში მიმდინარე "სპეციალური სამხედრო ოპერაციისა", - ომის აღსანიშნად კრემლისთვის სასურველი ევფემიზმის გამოყენებით.
თებერვალში უკრაინაში მოსკოვის შეჭრის შემდეგ, ომმა ბევრი რუსული ოჯახი გაყო - ოჯახის ზოგიერთი წევრი კრემლის მხარდამჭერია, ხოლო ზოგიერთი - ომის მოწინააღმდეგე.