Wizz Air აჩერებს მოსკოვში ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებას
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი აჩერებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებას. 8 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით, აბუ-დაბისა და მოსკოვს შორის ფრენა 3 ოქტომბრიდან უნდა აღდგენილიყო, თუმცა ბილეთები ავიაკომპანიის საიტზე აღარ იყიდება.
ფრენების აღდგენის გადაწყვეტილების გაუქმებაზე ინფორმაციას "როიტერსი" აქვეყნებს და ამას ინტერნეტში ავიაკომპანიის მიმართ გაზრდილ კრიტიკას უკავშირებს.
ფრენები რუსეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის Wizz Air-ის შვილობილ კომპანიას Wizz Air Abu Dhabi-ს უნდა აღედგინა, რომლის 51 პროცენტსაც ადგილობრივი წარმომადგენელი ფლობს (49% Wizz Air-ს ეკუთვნის). 8 აგვისტოს შემდეგ ამ რეისზე ბილეთების შეძენა შესაძლებელი იყო.
ამ თვეში Wizz Air-მა განაცხადა, რომ ფრენები აბუ-დაბისა და მოსკოვს შორის ოქტომბრიდან განახლდებოდა. ფრენები 27 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეჩერდა.