რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინაში სამჯერ გამოიყენა ჰიპერბგერითი რაკეტა, „კინჟალი“
ამის შესახებ განაცხადა 21 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ.
„კინჟალის“ტიპის რაკეტები ახალი ჰიპერბგერითი იარაღის ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2018 წელს წარმოადგინა თავის გამოსვლაში, სადაც მან თქვა, რომ ისინი შეიძლება მისწვდნენ მსოფლიოს თითქმის ნებისმიერ წერტილს და გვერდი აუარონ აშშ-ის ანტისარაკეტო ფარს.
შოიგუმ, სახელმწიფო ტელევიზიით საუბრისას, თქვა, რომ უკრაინაში, რაკეტები სამივე შემთხვევაში მოხვდა მნიშვნელოვან სამიზნეებს, მან შეაქო რაკეტები როგორც შეუდარებელი, და რომლის ჩამოგდება თითქმის შეუძლებელია ფრენისას. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს ჩვენ სამჯერ გამოვიყენეთ ის“, - თქვა შოიგუმ ინტერვიუში, რომელიც გადაიცა „როსია 1“-ზე. „და სამჯერ მან ბრწყინვალე მახასიათებლები აჩვენა“.
რუსეთმა პირველად გამოიყენა „კინჟალის“ სისტემის რაკეტები უკრაინაში, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ მას მერე, რაც ათიათასობით ჯარისკაცით შეიჭრა მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე და დარტყმა მიაყენა იარაღის დიდ საცავს უკრაინის დასავლეთში, ივანო-ფრანკოვსკის რეგიონში.
ამ კვირაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ MiG-31E-ის ტიპის სამი საბრძოლო თვითმფრინავი, რომლებიც აღჭურვილია „კინჟალის“ ტიპის რაკეტებით, განთავსებულ იქნა კალინინგრადის რეგიონში, რუსეთის ბალტიის ზღვის სანაპიროზე, რომელიც მდებარეობს ნატოსა და ევროკავშირის წევრ პოლონეთსა და ლიეტუვას შორის.
გასული თვის ბოლოს, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების დღეს, პუტინმა გამოაცხადა, რომ საზღვაო ფლოტი მომავალ თვეებში მიიღებდა, როგორც მან უწოდა, "მრისხანე“ ჰიპერბგერით „ცირკონის“ ტიპის ფრთოსან რაკეტებს. ამ რაკეტების სიჩქარე ბგერისას ცხრაჯერ აღემატება და უსწრებს ანტისაჰაერო თავდაცვის საშუალებებს.