გოგაშვილის დაცვის უფროსს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსს, ალექსანდრე სამხარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე სერგო მეთოფიშვილმა გამოაცხადა. პროკურატურა ბრალდებულისთვის 5000-ლარიან გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
გუშინ, 30 აგვისტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვის მიზნით მისულ ალექსანდრე სამხარაძეს ბრალი წარუდგინეს.
სამხარაძის ადვოკატის, რამაზ ჩინჩალაძის განცხადებით, მას ბრალად ედება საბრძოლო მასალის უკანონო შენახვა (სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით).
"ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი იყო, საშტატო იარაღი ჰქონდა. როდესაც თანამდებობა დატოვა, იარაღი ჩააბარა, ხოლო ტყვიების ჩაბარება დაავიწყდა და ამან მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა გამოიწვია. 16 ივნისს, როდესაც მისი საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს, ეს ტყვიები აღმოაჩინეს და ბრალი წაუყენეს", - განმარტა ადვოკატმა.
სოსო გოგაშვილი 16 ივლისს საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
გოგაშვილმა დაკავებამდე "ფეისბუკზე" დაწერა, რომ ფლობდა ინფორმაციას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. მისი სახელით "ფეისბუკზე" ასევე დაიწერა არაერთი ბრალდება მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ, რომლის მოადგილედაც ის მუშაობდა. გოგაშვილმა ერთ-ერთ განცხადებაში ისიც თქვა, რომ უწყებიდან წამოსვლა, მტკიცებულებების მოგროვება და მხილება არჩია.