ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილზე: აკადემიური, ადეკვატური პრეზიდენტები ასე არ იქცევიან
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა დავით ბაქრაძეს კომპეტენტურ და გამოცდილ ადამიანს, ხოლო მასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ქმედებებსა და განცხადებებს არათანმიმდევრულს უწოდებს.
„აკადემიური, ადეკვატური პრეზიდენტები ასე არ იქცევიან, ამ ტონალობაში და ასე არ საუბრობენ. ახლა, მითუმეტეს, სულ რამდენიმე თვეში, ხელს აწერს და ნიშნავს… ეს იმაზე მიუთითებს, რომ ქალბატონი სალომე რაღაც ძალიან დაბნეულია. როდესაც ლანძღავ, აგინებ და შემდეგ ნიშნავ, არ ვიცი, ეს რა კომპეტენციაში შეიძლება ჩაჯდეს. „ქართული ოცნებიდან“ პრეზიდენტზე ზეწოლა აბსურდია. დავით ბაქრაძე, თავისი კომპეტენციით, გამოცდილებით, კავშირებით, მნიშვნელოვანია, რომ გაეროში იყოს ჩვენი წარმომადგენელი“, – აცხადებს ირაკლი ზარქუა.
კანადაში საქართველოს ელჩად კახა იმნაძე დაინიშნა, გაეროში მისი შემცვლელი კი აშშ-ში ყოფილი ელჩი დავით ბაქრაძე იქნება. შესაბამის წარდგინებებს სალომე ზურაბიშვილმა მოაწერა ხელი. მოგვიანებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილს გაეროში მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნა კვლავ არ მიაჩნია მიზანშეწონილად.