გოგა ბითაძე მძიმე ტრავმას გადაურჩა - ითამაშებს იგი ესპანეთთან?
კალათბურთელ გოგა ბითაძის ტრავმა მძიმე არ აღმოჩნდა. საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა თავდამსხმელმა თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში, ბელგიასთან მატჩის მეოთხე პერიოდში ფეხი იტკინა და თამაში ვადაზე ადრე დაასრულა.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის თანახმად, ბითაძეს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა და დაზიანება მსუბუქი ხასიათის აღმოჩნდა.
გოგა ბითაძე დღეს საქართველოს ნაკრების ვარჯიშსაც დაესწრო, მაგრამ მასში მონაწილეობა არ მიუღია. ექიმების გადაწყვეტილებით, ის 3 სექტემბრის დილის ვარჯიშზეც დაისვენებს და მდგომარეობის განვითარებას დაელოდება.
ჯანმრთელობის მდგომარეობის პროგრესი აშკარაა და გამორიცხული არაა, გოგა მოედანზე 3 სექტემბერს, ესპანეთთან გასამართ მატჩშიც გავიდეს - ამბობს საქართველოს ნაკრების ექიმი თემურ ხვედელიძე.
„ხვალ თამაშის შანსს არ გამოვრიცხავთ, თუმცა ვნახავთ მკურნალობის შედეგად დადებითი დინამიკა როგორ წარიმართება. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, მისი მდგომარეობა უკეთესია გუშინდელთან შედარებით. კოჭზე შეშუპება არის. ჩემს ასისტენტს, თორნიკე გოგიჩაიშვილს ექოსკოპიაზე ჰყავდა წაყვანილი. 3 სექტემბერს, შუადღისას გადაწყდება გოგას თამაშის საკითხი" - თქვა მან.
კალათბურთის ფედერაციამ გოგა ბითაძის კომენტარიც გაავრცელა:
„თამაშის შანსებზე საუბარი უფრო ადვილი ხვალ იქნება, დღეს ცოტა მიჭირს სიარული და მოძრაობა, მაგრამ დღევანდელ და ხვალინდელ დღეს მაქსიმალურად გამოვიყენებთ, მივხედავთ ტრავმას და თუ ვიქნები მზად და პატარა შანსიც იქნება, აუცილებლად ვითამაშებ."