დიდი შვიდეული რუსეთის ნავთობის იმპორტის ფასზე ზედა ზღვარს დააწესებს
დიდი შვიდეულის (G7) ინდუსტრიალიზებული სახელმწიფოები აცხადებენ, რომ "სასწრაფოდ" იმუშავებენ ფასის ზედა ზღვრის დაწესებაზე რუსეთის ნავთობის იმპორტისთვის, და ეს იქნება ნაწილი "ერთიანი" პასუხისა მოსკოვის შეჭრაზე მეზობელ უკრაინაში.
დიდი შვიდეულის ქვეყნებმა 2 სექტემბერს განაცხადეს, რომ ეს ზომა, რომელიც უკვე დიდი ხანია განიხილება, მიემართება რუსეთისთვის საომარი ოპერაციებისთვის საჭირო მოგების ჩამორთმევას და მსოფლიოს ბაზრებზე ენერგიის ფასების შემცირების ხელშეწყობას.
გერმანიის ქალაქ ელმაუში ჩატარებული სამიტის შემდეგ, დიდი შვიდეულის ლიდერებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს ერთიანი პოზიცია იმ ზომების გატარების შესახებ, რომლებითაც მოსკოვი უნდა დაისაჯოს, "სასტიკი, არაპროვოცირებული, უპატიებელი და უკანონო აგრესიის ომისთვის უკრაინის წინააღმდეგ".
G7-ის წევრების თქმით, შეთანხმებული პირობებით რუსეთში წარმოებული ნედლი ნავთობის და ნავთობის პროდუქტების საზღვაო გადაზიდვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მასალებს შეიძენენ ფასში, რომელიც "დადგინდება ფასის ზღვრის დამცველი და განმახორციელებელი ქვეყნების ფართო კოალიციის მიერ". სერვისების გლობალურ მიმწოდებლებს რუსეთის წყლით გადაზიდული ნავთობით და ნავთობპროდუქტებით ბიზნესის კეთების უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებათ, თუკი ეს პროდუქტები დადგენილი ზღვრით, ან მასზე ნაკლები ფასით იქნება შეძენილი.
დიდი შვიდეული - რომელშიც შედიან აშშ, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, ბრიტანეთი, იტალია და იაპონია - აცხადებს, რომ საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში იმუშავებს ამ ზომების დასრულებაზე, თუმცა ვადებს არ აკონკრეტებს.
საიმისოდ, რომ ფასზე დაწესებულმა ზედა ზღვარმა ეფექტი იქონიოს, ის ევროკავშირმაც უნდა დაიცვას - რასაც მისი 27-ვე წევრის თანხმობა დასჭირდება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილი თავს იკავებს ენერგიის წყაროებისთვის საფრთხის შექმნაზე, მოახლოებული ზამთრის ფონზე.