ბრიტანეთის დაზვერვა: რუს სამხედროებს ანაზღაურების პრობლემა აქვთ, არ აძლევენ პრემიებს
დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსი სამხედროების საბრძოლო განწყობაზე უარყოფითად მოქმედებს ანაზღაურებასთან დაკავშირებული პრობლემები.
უწყების მიერ 4 სექტემბერს გამოქვეყნებულ ყოველდღიურ ცნობაში ვკითხულობთ, რომ უკრაინაში მებრძოლ რუს სამხედროებს კვლავ აქვთ საბრძოლო განწყობასა და დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემები და „მთავარი პრეტენზია“, სავარაუდოდ, ანაზღაურებას უკავშირდება.
ბრიტანული დაზვერვის ცნობაში ასევე მითითებულია, რომ უკრაინაში მებრძოლ რუს სამხედროებს უხდიან „მოკრძალებულ“ ძირითად ხელფასს, რომელსაც დართული აქვს „პრემიებისა და დანამატების რთული ნაკრები“ და „ძალიან მაღალი ალბათობით“ არ უხდიან "მსხვილ პრემიებს" ბრძოლებში მონაწილეობისთვის.
„სავარაუდოდ, ეს დაკავშირებულია არაეფექტიან სამხედრო ბიუროკრატიასთან, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ უცნაურ სამართლებრივ სტატუსთან და ზოგიერთ შემთხვევაში, კორუფციასთან მეთაურებს შორის“, - აცხადებს ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა.
4 სექტემბრის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის არმიის სარდლობა ვერ ახერხებს ბრძოლაში ჩართული სამხედროების „საბაზისო მოთხოვნების“ დაკმაყოფილებას. ლაპარაკია, მათ შორის - უნიფორმების, შეიარაღებისა და საკვების ნაკლებობაზე.
ბრიტანეთის დაზვერვა აცხადებს, რომ პრობლემები უარყოფითად მოქმდებს უკრაინაში მებრძოლი რუსი სამხედროების „განგრძობადად მოწყვლად მორალურ განწყობაზე“.