უკრაინის გენშტაბის ცნობით, დონეცკის ოლქში გაანადგურეს რუსი მედესანტეების ქვედანაყოფი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასულ 24 საათში, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე, სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე განახორციელეს 8 სარაკეტო და 19 საავიაციო დარტყმა და 86 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენერალური შტაბის მიერ დღეს, დილით გავრცელებული ინფორმაციით, საავიაციო და სარაკეტო დარტყმების შედეგად, ინფრასტრუქტურა დაზიანებულია 30-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში, მათ შორის ქალაქებში, ხარკოვსა და კრივოი როგში და დონეცკის ოლქში.
უკრაინის არმიის სარდლობის თანახმად, თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის შეტევები წარმატებით მოიგერიეს დონეცკის ოლქის 8 დასახლებულ პუნქტთან. გენშტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, უკრაინის სახმელეთო დაჯგუფებების მხარდასაჭერად, ავიაციამ მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის და ტექნიკის თავმოყრის ადგილებზე განახორციელა 12 დარტყმა, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა კი, ჩამოაგდეს 4 რუსული საბრძოლო თვითმფრინავი.
უკრაინის გენერალური შტაბი ადასტურებს დონეცკის ოლქში, ბახმუტის მიმართულებით რუსეთის მედესანტე პარაშუტისტების 137-ე პოლკის ქვედანაყოფის სამხედროებისა და ტექნიკის მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურებას, რაც დამატებითი ზომების გარეშე, აღარ მისცემს საბრძოლო მოქმედებების გაგრძელების შესაძლებლობას.
გენშტაბის ცნობითვე, რუსეთის არმია დროებით დაპყრობილი ტერიტორიების შესანარჩუნებლად ცდილობს თავდაცვის პირველი ხაზის გაძლიერებას დონეცკის და ზაპოროჟიეს ოლქებში და ამ მიზნით იყენებს ხარკოვის ოლქიდან გაყვანილ ძალებსაც. ამასთან, უკრაინის არმიის სარდლობაში აცხადებენ, რომ თავდაცვის ძალების მიერ მოწინააღმდეგის ლოგისტიკის დარღვევს გამო, რუს სამხედროებს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებისა და არტილერიისთვის საჭირო, ზოგიერთი სახეობის საბრძოლო მასალების დეფიციტი აქვთ.
უკრაინის არმიის კონტრშეტევის შედეგად, რუსეთის სამხედრო ძალებმა გასულ კვირაში დატოვეს ხარკოვის ოლქში აპრილიდან ოკუპირებული რაიონები. 14 სექტემბერს, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა ფეისბუკზე დაწერა, რომ 6 სექტემბრიდან ხარკოვის ოლქში გათავისუფლებულია დაახლოებით 8500 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია და 388 დასახლებული პუნქტი.