სტრატეგია აღმაშენებლის” ქმედებები ჰგავს სპორტსმენის ჭინჭყლობას, რომელიც ცდილობს, მის მიერ დაშვებული შეცდომა სხვას დააბრალოს
პრაქტიკულად სრული კონსენსუსით შევთანხმდით წესებთან დაკავშირებით – „სტრატეგია აღმაშენებლის” ქმედებები ჰგავს სპორტსმენის ჭინჭყლობას, რომელიც ცდილობს, მის მიერ დაშვებული შეცდომა სხვას დააბრალოს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით განაცხადა.
მან სახალხო დამცველობის მსურველებს მოუწოდა, საკუთარი განაცხადები წარმოადგინონ.
“ყველას, ვისაც სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს ამ პროცედურებში და გამოცადოს საკუთარი შესაძლებლობა, რომ გახდეს სახალხო დამცველი, შესაძლებლობა ექნება, პროცესში მონაწილეობა მიიღოს. ჩემი მოწოდებაა ყველას მიმართ, ვინც თვლის, რომ შეუძლია საქართველოს სახალხო დამცველი იყოს, წარმოადგინოს განაცხადი და გაიაროს პროცედურები, რომლის მეშვეობითაც მოხდება შეფასება და შემდგომ შერჩევა კანდიდატების. დიდი იმედი მაქვს, შედეგად შევძლებთ ავირჩიოთ ყველაზე მეტად ოპტიმალური კანდიდატი თანამდებობაზე.
ნურავის ეწყინება, მაგრამ “სტრატეგია აღმაშენებელმა” უზარმაზარი შეცდომა დაუშვა. მგონია, რომ მას შემდეგ, რაც ამ პარტიამ ზურგი აქცია ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს, თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა და სამწუხაროდ, ძალა არ ეყოთ, რომ თამაშის სამართლიან წესებს დამორჩილებოდნენ. დაახლოებით ეს ყველაფერი ჰგავს სპორტსმენის ჭინჭყლობას, რომელიც ცდილობს, მის მიერ დაშვებული შეცდომა სხვას დააბრალოს,”- განაცხადა სარჯველაძემ.
საქართველოს პარლამენტი დღეიდან სახალხო დამცველის კანდიდატთა შერჩევის პროცესს იწყებს. შესაბამისი ბრძანება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა უკვე გამოსცა.
განცხადებები 2022 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით მიიღება.