„გილდია“ თუმანიშვილის თეატრზე – რეორგანიზაცია თეატრის ხელმძღვანელობის პირადი ინტერესებით
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად მარტში ივანე ხუციშვილი დაინიშნა, 12 აპრილიდან კი თეატრში რეორგანიზაცია გამოცხადდა.
დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – „გილდია“ თეატრში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა საქმიანობა თეატრის შემოქმედებით კოლექტივთან თანამშრომლობისა და კონსულტაციების გარეშე, გადაწყვეტილებების ერთპიროვნულად მიღებით დაიწყო, რამაც არსებითად დააზიანა თეატრში დასაქმებულთა ინტერესები და რისკის ქვეშ დააყენა თეატრის რეპერტუარი.
რაც შეეხება რეორგანიზაციის პროცესს, „გილდიის“ სამართლებრივი შეფასებით, პროცესები კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით წარიმართა. კერძოდ, პროფკავშირი წერს:
„► გაურკვეველი მიზეზით შემცირდა საშტატო ნუსხა, კერძოდ, შემცირდა ან გაუქმდა თეატრში არსებული თანამდებობრივი პოზიციები, რის გამოც სამსახურიდან წასვლა მოუწიათ თანამშრომლებს, რომლებიც წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ თეატრს. აღნიშნული განსაკუთრებით შეეხო მსახიობებს, რომელთა რაოდენობაც 45-დან 35-მდე შემცირდა;
► მსახიობთა ნაწილთან დაიდო შტატგარეშე თანამშრომლებისთვის გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულებები;
► გაუარესდა ისედაც მძიმე შრომითი პირობები, კერძოდ, შემცირდა თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურება, ზოგიერთ შემთხვევაში კი ჩამოსცდა ქვეყანაში დადგენილ საარსებო მინიმუმს“, – წერს „გილდია“.
შრომის კანონმდებლობისა და მსგავს საქმეებზე უზენაესი სასამართლოს მსჯელობის მიმოხილვის შედეგად „გილდია“ წერს, რომ რეორგანიზაციის პროცესში შრომითი უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს ობიექტური საჭიროების არსებობა, რომელიც რეორგანიზაციას განაპირობებს და აუცილებელი პირობაა მისი მართლზომიერად მიჩნევისთვის.
„გილდია“ წერს, რომ ამ დრომდე, დამსაქმებელს არ დაუსაბუთებია რეორგანიზაციის ობიექტური საჭიროება – „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის საფუძველზე, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ასეთი კრიტერიუმი უბრალოდ არ არსებობს“.
„მოცემულ შემთხვევაში, სამხატვრო ხელმძღვანელის მიერ განხორციელებული რეორგანიზაციის მიზანია „შტატების რეორგანიზაცია, ბიუჯეტის რესტრუქტურიზაცია-ოპტიმიზაცია, საჭიროების შემთხვევაში შტატების შემცირება“, თუმცა მითითებული არ არის კონკრეტული ობიექტური საჭიროება, რომელმაც განაპირობა აღნიშნული ქმედებების განხორციელება. ასეთ საჭიროებად შესაძლებელია სავალალო ფინანსური მდგომარეობა განგვეხილა, თუმცა თეატრის მიერვე მოწოდებული ინფორმაციის თანახმად 2021 წლის საბიუჯეტო დაფინანსებასთან შედარებით თეატრის 2022 წლის საბიუჯეტო დაფინანსება 92 700 ლარით გაიზარდა და 1 347 080 ლარს შეადგენს, შესაბამისად შტატების რეორგანიზაცია ფინანსური მდგომარეობით გამოწვეული ვერ იქნება, რასაც უფრო ამყარებს ის გარემოება, რომ აღნიშნულის პარალელურად, რეორგანიზაციის შედეგად თავად სამხატვრო ხელმძღვანელსა და დირექტორს ხელფასები გაეზარდათ, შესაბამისად, ბიუჯეტის ოპტიმიზაციისთვის, ერთის მხრივ, შტატების შემცირება და, მეორეს მხრივ, ხელმძღვანელობისთვის ხელფასების მომატება ურთიერთგამომრიცხავი მოქმედებებია და ხელმძღვანელობის მიერ თეატრის ინტერესებთან შედარებით საკუთარი ინტერესებისთვის უპირატესობის შესაძლო მინიჭებაზე მიუთითებს“, – წერს „გილდია“.