პუტინი სამარყანდში ჩავიდა „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტზე
„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად უზბეკეთში ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.
პირველად 2019 წლის შემდეგ, ორგანიზაციის სამიტი ტარდება სრული შემადგენლობით. პუტინმა სამარყანდში შეხვედრები გამართა თავის კოლეგებთან.
სამმხრივი შეხვედრისას ჩინეთის და მონღოლეთის ლიდერებთან, პუტინმა განაცხადა, რომ მიესალმება ენერგეტიკის სფეროში ამ ორ ქვეყანასთან თანამშრომლობას.
დაგეგმილი იყო ასევე პუტინის და ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის მოლაპარაკება უკრაინის და ტაივანის, ასევე ორმხრივი ურთიერთობის გარშემო.
ჩინეთი რუსეთის ნავთობის უდიდესი შემსყიდველია. პუტინმა შეაქო უკრაინის ომის მიმართ ჩინეთის გაწონასწორებული პოზიცია. ეს იყო რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩინეთის და რუსეთის ლიდერების პირველი შეხვედრა.
პუტინმა ტაივანთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მოსკოვი ემხრობა "ერთი ჩინეთის" პოლიტიკას. თავის მხრივ, სიმ თქვა, რომ ჩინეთს სურს რუსეთთან ერთად "იზრუნოს" სტაბილური მსოფლიოსთვის.
პუტინი შეხვდა ასევე ირანის პრეზიდენტს, ებრაჰიმ რაისს, ასევე პაკისტანის პრემიერ-მინისტრს, შეჰბაზ შარიფს.
„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია“ დასავლეთის საერთაშორისო ორგანიზაციების გასაწონასწორებლად შეიქმნა 2001 წელს. მასში ჩინეთთან და რუსეთთან ერთად გაერთიანებული არიან ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი, ასევე პაკისტანი და ინდოეთი. მეთვალყურის სტატუსი აქვთ ირანსა და მონღოლეთს, ასევე სხვა ქვეყნებს. სტუმრის სტატუსით შეხვედრაზე მიწვეულია თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი.