სოხუმის დე ფაქტო სასამართლომ 24 წლის ქრისტინე თაკალანძეს პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა
როგორც სოხუმის დე ფაქტო საქალაქო სასამართლოს განცხადებაში ვკითხულობთ, წინასწარი გამოძიების ინფორმაციით, თაკალანძე მიზანმიმართულად მოქმედებდა უცხო ქვეყნის, დაზვერვის დავალებით. თაკალანძეს ბრალად ედება, 2021 წლის სექტემბრიდან, 2022 წლის ივლისამდე პერიოდში „თავისი დანაშაულებრივი განზრახვის რეალიზაცია“, კერძოდ, საიდუმლო ინფორმაციის მოპოვება, შეგროვება და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გადაცემა.
ქრისტინე თაკალანძე 20 ივლისს დააკავეს. მას ბრალი „ჯაშუშობის მუხლით“ აქვს წარდგენილი. წყაროს თანახმად, აფხაზეთის ე.წ. სამართალდამცველებმა ახალგაზრდა ქალი მაშინ დააკავეს, როცა საოკუპაციო ხაზის გავლით, ზუგდიდში გამგზავრებას ცდილობდა.
ოკუპირებულ აფხაზეთში ახალგაზრდა ქალის უკანონოდ დაკავება მაშინვე დაადასტურა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა(სუს). რადიო თავისუფლებას სუს-ში განუცხადეს, რომ გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებული არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები და უკანონო პატიმრობიდან საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით.