პრეზიდენტის სასახლეში აფხაზი მხატვრის გამოფენა გაიხსნა
თბილისში, ორბელიანის ქუჩაზე მდებარე საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ფხაზი მხატვრის, ნიკოლოზ ემხვარის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეს არტ-ფეარისა და ახალგაზრდა მხატვრების თვითრეალიზებისა და თვითგამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა.
"თბილისში მიმდინარე არტ-ფეარის ფონზე, დღეს ძალიან დროულია ეს გამოფენა. ჩემი სურვილი იყო, ერთგვარად, ჩვენც ვყოფილიყავით ამ ღონისძიების მონაწილე. მხატვარი, გარდა იმისა, რომ საკუთარი შემოქმედებით თავის თავს წარმოადგენს, ის ასევე არის აფხაზეთიდან და მნიშვნელოვანია, რომ არტ-ფეარ-ში ჩვენი გავლით აფხაზეთიც იყოს წარმოდგენილი. ეს არის საქართველოს ხელოვნება, ძალიან საინტერესო თანამედროვე ხელოვნება. საქართველო სწორედ ის ქვეყანაა, სადაც თანამედროვე ნიჭის აღმავლობა ხდება. ძალიან სასიამოვნოა, რომ ამ ქვეყანაში და ჩვენს ახალგაზრდებში ასეთი შემოქმედებითი უნარი და სიცოცხლეა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს მხატვრის კომენტარსაც, რომელიც 23 სექტემბერს, გამოფენის გახსნის დღეს მადლიერებას გამოხატავდა.
"ხელოვნება ჩემთვის ყველაფერია და მინდა, რომ ჩემი სული ჩავდო ჩემს ნამუშევრებში. დიდი მადლობა, რომ ხართ აქ, ჩემი ნამუშევრების დასათვალიერებლად, რომლებიც ადამიანის ბუნებას ასახავს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რომელიც მინდა ჩემი შემოქმედებით ვაჩვენო", - თქვა ნიკა ემხვარმა.
ნამუშევრები რამდენიმე დღე, 29 სექტემბრამდე იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამოფენილი. დამთვალიერებლებისთვის სივრცე ღიაა შაბათ-კვირას 15:00-18:00 საათამდე და სამუშაო დღეებში 12:00-დან 18:00 საათამდე. სივრცეში მოსახვედრად აუცილებელია პირადობის დამადასტურებელი მოწმობების წარდგენა.