თბილისსა და ქუთაისში გენპროკურორის არჩევის წესზე საკონსტიტუციო ცვლილებებს სახალხოდ განიხილავენ
8 ოქტომბერს, გენერალური პროკურორის არჩევის წესზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საერთო-სახალხო განხილვა საქართველოს პარლამენტის ჟიული შარტავას სახელობის დარბაზიდან დაიწყო.
პროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის, 90 დეპუტატის თანხმობით ირჩევს. თუ პარლამენტი პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, მაშინ უბრალო უმრავლესობის, 76 დეპუტატის ხმები იქნება საკმარისი. ამ შემთხვევაში გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა ერთი წელი იქნება.
გენერალური პროკურორის დანიშვნის წესის შეცვლის ვალდებულება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგითაა განსაზღვრული.
ეს რეფორმა, ასევე, ნაწილია 12 პირობისა, რომელიც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ევროკომისიამ საქართველოს წაუყენა.
საკონსტიტუციო პროექტის საერთო-სახალხო განხილვა, ასევე, ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება 19:00 საათზე.