ვოლოდიმირ ზელენსკიმ კურილის კუნძულების იაპონიის ტერიტორიად აღიარების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული კურილის კუნძულების იაპონიის ტერიტორიად აღიარების შესახებ.
„მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – სამართლიანი, იურიდიულად უნაკლო, ისტორიული. უკრაინამ კიდევ ერთხელ დაადასტურა იაპონიის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემა, მათ შორის მისი ჩრდილოეთის ტერიტორიების, რომლებიც ჯერ კიდევ რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, კიევი მოუწოდებს მსოფლიოს, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღონ. ზელენსკის მტკიცებით, რუსეთს არ აქვს უფლება, პრეტენზიებს აცხადებდეს ამ ტერიტორიაზე და ეს მთელმა მსოფლიომ კარგად იცის.
„საბოლოოდ უნდა ვიმოქმედოთ და გავათავისუფლოთ ყველა ის მიწა, რომლის შენარჩუნებასაც ოკუპანტები ცდილობენ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.