ყირიმის ხიდის აფეთქების შემდეგ მასზე წარმატებით გაიარა პირველმა სატესტო მატარებელმა
ყირიმის ხიდის აფეთქების შემდეგ მასზე წარმატებით გაიარა პირველმა მატარებელმა, იტყობინება რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო. ახლა სხვა მატარებლებსაც ეძლევათ ხიდზე გავლის უფლება.
„რუსეთის რკინიგზაც“ იტყობინება, რომ ხიდის შეკეთების შემდეგ მასზე გაიარა 15 ვაგონისგან შემდგარმა პირველმა სატესტო შემადგენლობამ.
ყირიმის ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს დილით მოხდა. შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ვიდეოებსა და ფოტოებზე ჩანს ცეცხლმოდებული გზა, ხანძარი სატვირთო მატარებელზე, საავტომობილო ხიდის ნაწილი ჩანგრეულია. ხიდზე მოძრაობა მთლიანად შეაჩერეს. ეროვნულ ანტიტერორისტულ კომიტეტში განაცხადეს, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქდა სატვირთო ავტომანქანა. ამის შედეგად ცეცხლი მოედო მატარებელს, რომელსაც საწვავით დატვირთული ცისტერნები გადაჰქონდა. საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.
ყირიმის ხიდზე რამდენიმე საათის წინ აღდგა მოძრაობა მსუბუქი ავტომანქანებისა და ავტობუსებისთვის. ამის შესახებ ანექსირებული ყირიმის რუსმა ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ხიდზე სატრანსპორტო საშუალებებს გაუშვებენ შემოწმების სრული პროცედურის გავლის შემდეგ.
მოძრაობა შესაძლებელია საავტომობილო ხიდის დაუზიანებელ ნაწილზე. ეს მისი სიგანის დაახლოებით ნახევარია. სატვირთო მანქანებს ჯერჯერობით არ უშვებენ ხიდზე. აქსიონოვის სიტყვებით, მათ გაგზავნიან ქერჩის საბორნე გადასასვლელზე, რომელიც ჯერჯერობით არ მუშაობს.