კალაძე: თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ კანონის წინაშე პასუხი ვაგო
კალაძემ განაცხადა, რომ თუ დამნაშავეა, მზად არის კანონის წინაშე პასუხი აგოს. მისი თქმით, გამოძიება ყველაფერს დაადგენს და ვისაც დანაშაული მიუძღვის, ყველა კანონის წინაშე აგებს პასუხს.
„მინდა მივუსამძიმრო ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს. კარგად წარმომიდგენია, თუ რამდენად მძიმე ვითარებაა. მეც გაუბედურებული ვარ. შემზარავი ფაქტი მოხდა და უმძიმესია ეს ყველასთვის. გამოძიება, რა თქმა უნდა, ყველაფერს დაადგენს. ვისაც დანაშაული მიუძღვის, ყველა კანონის წინაშე აგებს პასუხს, მათ შორის მეც, თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ კანონის წინაშე ვაგო პასუხი“, - თქვა თბილისის მერმა.
კალაძეს არ უსაუბრია მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის შესახებ.
თბილისის მერმა კლინიკაში მოინახულა ვაკის პარკში დაზარალებული ბავშვი, რომელიც მკურნალობას განაგრძობს. მერის თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
13 ოქტომბერს, საღამოს რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმით 13 წლის ბავშვის დაღუპვის გამო. ისინი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას თბილისის მერს კახა კალაძეს აკისრებენ და მის გადადგომას მოითხოვენ.
შსს-მ მომხდარ ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მერია ვაკის პარკის განახლების სამუშაოებს ატარებს. სამუშაოები მერმა კახა კალაძემ გუშინ დაათვალიერა - მერია აცხადებდა, რომ "ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა".