თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კონკურსში განაცხადი მხოლოდ ჯაბა სამუშიამ შეიტანა
„უახლოეს დღეებში საარჩევნო კომისია განიხილავს კანდიდატის განაცხადს. წარმოდგენილი საბუთების შემოწმების შემდეგ, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, არაუმეტეს 6 თვის ვადით აირჩევს. აკადემიური საბჭოს დადგენილებით, თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები 20 ოქტომბერს ჩატარდება", - აცხადებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ცალკე პროცედურა არის გათვალისწინებული რექტორის ასარჩევას. წესდების თანახმად, რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას, აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.
თსუ-ს რექტორს ირჩევს 37 წევრისგან შემდგარი აკადემიური საბჭო. ხმის მიცემა ფარულია. არჩევნები ჩატარებულად ითვლება, თუ მასში მონაწილეობს საბჭოს წევრების ნახევარზე მეტი.
თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე აკადემიურ საბჭოს 7 ოქტომბერს მიმართა. გიორგი შარვაშიძე თსუ-ს რექტორის მოვალეობას 15 ოქტომბრამდე შეასრულებს. გიორგი შარვაშიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე პირველი ვადით 2016 წელს, ხოლო მეორე ვადით - 2020 წელს აირჩა.