ირანელი ექიმები მაჰსა ამინის გარდაცვალების მიზეზების დამალვაში სამედიცინო საბჭოს ხელმძღვანელობას ადანაშაულებენ
11 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში ჯგუფი აცხადებს, რომ ირანის სამედიცინო საბჭოს ხელმძღვანელმა მუჰამედ რაიზადემ ორგანიზაციის სახელი და რეპუტაცია გამოიყენა "ე.წ. ფაქტების დამდგენი კომიტეტის ლეგიტიმაციისთვის, რათა დაემალა მაჰსა ამინის გარდაცვალების მიზეზი." ფაქტების შემსწავლელი კომიტეტის სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩატარდა "და არ არის სანდო", - აღნიშნავენ დოკუმენტის ხელმომწერები.
22 წლის მაჰსა ამინი გარდაიცვალა 16 სექტემბერს, სამი დღის შემდეგ, რაც იგი თეირანის პოლიციამ დააპატიმრა იმის გამო, რომ დაარღვია ქვეყანაში ჰიჯაბის ტარების წესები.
თვითმხილველებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ამინი, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ კომაში ჩავარდა, აშკარად ნაცემი იყო მორალის პოლიციის მანქანაში, რომლითაც ის დაკავების ცენტრში გადაიყვანეს.
პეტიციის ხელმომწერი ირანელი ექიმები სინანულით აღნიშნავენ, რომ ირანის სამედიცინო საბჭოს ხელმძღვანელმა დაივიწყა ექიმების მორალური და სოციალური ვალდებულება, რომელიც ხალხის დასაცავად აკისრია.
პოლიციის განყოფილებაში მაჰსა ამინის გარდაცვალებას ირანში მძლავრი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.
12 ოქტომბერს IHR-მ განაცხადა, რომ ბოლო სამი კვირის განმავლობაში, პოლიციის ოფისში ამინის სიკვდილის შემდეგ გამართული საპროტესტო გამოსვლების დროს მოკლეს 108 ადამიანი, ხოლო, სულ მცირე, 93 პირი დაიღუპა ცალკეულ შეტაკებებში სისთან-ბალუჩისტანის პროვინციის ქალაქ ზაჰედანში, პოლიციის უფროსის მიერ მოზარდი გოგონას გაუპატიურების შესახებ ცნობის გავრცელების შემდეგ.
ამ 108 დაღუპულიდან ბევრი არის ქურთული პროვინციიდან, ირანის დასავლეთ რეგიონიდან, საიდან ამინი იყო, აცხადებს IHR-ი. ჯგუფის დირექტორის, მაჰმუდ ამირი-მოჰადანის თქმით: „საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა აღკვეთოს შემდგომი ხოცვა ქურთისტანში და დაუყოვნებლივ სათანადო პასუხი გასცეს“ მომხდარ მოვლენებს.