პრეზიდენტი: საქმე ბევრია, მოქალაქეების მეტი ჩართულობით ბევრს მივაღწევთ
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ევროპული და ძლიერი სახელმწიფოს ასაშენებლად აუცილებელია რეგიონები იყოს ძლიერი. ამის შესახებ მან ადგილობრივი თვითმმართველობის პლატფორმის „ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტურობა და გამოწვევები საქართველოში“ საერთაშორისო კონფერენციის გახსნის დროს ისაუბრა.
"საქართველო ძლიერი იყო სწორედ მაშინ, როცა თვითმმართველი ერთეულები (მაშინ თვითმმართველი არ ერქვა) იყვნენ ძლიერები და იყვნენ ერთად. ეს ერთობა, თვითმმართველობა და მათი დამოუკიდებლობა ჩვენი ნიშაა. ჩვენ სახელმწიფოს ეს მოწყობა საბჭოთა წყობამ დაარღვია, გადაგვიყვანა ულტრაცენტრალიზებულ წყობაზე და ამით მოსპო ის, რაც ჩვენი ძლიერების საფუძვლებს წარმოადგენდა, რასაც უთუოდ უნდა დავუბრუნდეთ", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ თვითმმართველობების გაძლიერებასთან ერთად მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართულობა.
"გადაწყვეტილებების მიღებისა და ბიუჯეტის გადანაწილების პროცესში მოქალაქეების ჩართულობის საკითხია, რაც ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია. ესეც დაწყებულია, რამოდენიმე მუნიპალიტეტში ეს პრაქტიკა უკვე შემოტანილია. ზოგ ადგილას ძალიან მცირე მასშტაბით, ზოგან ცოტა უფრო სერიოზულად...
საქმე ბევრია. მოქალაქეების მეტი ჩართულობით ბევრს მივაღწევთ - მეტ დემოკრატიას, დეპოლარიზაციას, რადგან, როცა კონკრეტულ საქმეში მოქალაქეები ერთად არიან ჩართულნი, იქ უკვე პოლიტიკური დაძაბულობა ნაკლებადაა (ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი არის)", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ როგორც ქვეყანამ და როგორც საზოგადოებამ დეპოლარიზაციის ყველა შესაძლო და არსებული საშუალებები გამოიყენოს.
"პოლარიზაცია უფრო მეტად იგრძნობა დედაქალაქში და ცენტრში, ვიდრე, იმ მუნიპალიტეტებში, ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ერთმანეთთან თანაცხოვრების პრაქტიკა, ტრადიცია და წესი შენარჩუნებულია", - თქვა პრეზიდენტმა.
პლატფორმა, რომელზეც სიტყვით პრეზიდენტი გამოვიდა, ორგანიზატორია საქართველოში სოლიდარობის ფონდ PL-ის (SFPL) ფილიალი და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაცია (GFA).