13 წლის მარიტას დედა მადლობას უხდის ვაკის პარკის მებაღეს შვილის მეგობრების გადარჩენისთვის
ვაკის პარკში შადრევანში დენის დარტყმით დაღუპული 13 წლის მარიტა მეფარიშვილის დედა მადლობას უხდის მებაღეს, დევი მეზურნიშვილს, შვილის მეგობრების გადარჩენის გამო.
"ჩვენი ერთადერთი ნუგეში, მისი თავგანწირვაა მეგობრების სიცოცხლის გადასარჩენად...
მადლობა ყველას, ვინც მარიტასთან გამოსამშვიდობებლად მოვიდა, ან ვერ მოვიდა და გაიზიარა მწუხარება მისი უდროოდ გარდაცვალების გამო. მადლობა მარიტას კლასელებს, მეგობრებს, თანაგუნდელებს, ნათესავებს, ახლობლებს, უცხო ადამიანებს, მადლობა ყველას, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი ტკივილი.
ძალიან დიდი მადლობა უკეთილშობილეს ადამიანს, დევი მეზურნიშვილს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მოახერხა მარიტას საბედისწერო სურვილის ასრულება, მისი მეგობრების ლაზარეს და ანდრიას გადარჩენა. დიდი მადლობა ექიმებს, რომლებმაც ბოლომდე იბრძოლეს ჩვენი შვილების გადასარჩენად", - წერს 13 წლის მარიტას დედა.
13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა. მათგან მარიტა რამდენიმე საათში გარდაიცვალა, მისი ორ კლასელს კი კლინიკაში მკურნალობა დასჭირდათ.