რუმინეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა უკრაინის ომის შესახებ განცხადების გამო კრიტიკის შედეგად
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნის, რუმინეთის, თავდაცვის მინისტრი ვასილე დინკუ თანამდებობიდან გადადგა მას მერე, რაც უკრაინის ომის შესახებ გაკეთებული განცხადებისთვის გააკრიტიკეს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა.
მინისტრმა, კერძოდ, განაცხადა, რომ უკრაინისთვის ომის შეწყვეტის ერთადერთი შანსი რუსეთთან მოლაპარაკებაა.
„დღეს დილით სახელმწიფო თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან ჩემი გადადგომის შესახებ განცხადება გადავეცი რუმინეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკორლაე ჩუკეს“, - დაწერა 24 ოქტომბერს დინკუმ, პრემიერის ყოფილმა მოადგილემ ფეისბუკის გვერდზე. ახლახან დინკუმ გამოაცხადა, რომ საერთაშორისო შუამავლების დახმარებით მოლაპარაკება ერთადერთი საშუალებაა მყარი მშვიდობის მისაღწევად რუსეთთან ომში, რომელიც მოსკოვმა დაიწყო 24 თებერვალს.
ამ გამონათქვამმა პრეზიდენტ კლაუს იოჰანის და მმართველი კოალიციის ლიდერების, მათ შორის ჩუკეს საყვედური გამოიწვია. იოჰანისმა განაცხადა, რომ რადგან ომში საფასურს უკრაინელები იხდიან საკუთარი სისხლით, მხოლოდ მათ შეუძლიათ თქვან, რის შესახებ და როდის მოილაპარაკებენ. იოჰანისმა ასევე განაცხადა, რომ ეს არის რუმინეთის, ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნის, პოზიცია.
დინკუს განცხადებაში წერია, რომ მისი გადადგომა განაპირობა იმან, რომ შეუძლებელია მისი „თანამშრომლობა რუმინეთის პრეზიდენტთან, არმიის მთავარსარდალთან.“ თანამდებობიდან ჩემი წასვლა აუცილებელია, რათა ზიანი არ მიადგეს გადაწყვეტილებებს და პროგრამებს და არ შეყოვნდეს პროექტები, რომლებიც ასე აუცილებელია სამინისტროსა და არმიისთვის, დასძენს დინკუ.