ნორვეგიას შეიარაღებული ძალები მაღალი მზადყოფნის რეჟიმში გადაჰყავს
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტიორემ განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები მომატებული სამხედრო მზადყოფნის რეჟიმშია გადასული.
„ეს არის ვითარების ყველაზე სერიოზული გართულება ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში”, - განმარტა მან და დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს რუსეთის მხრიდან საფრთხის კონკრეტული მტკიცებულება, მზარდი დაძაბულობა ქვეყანას უფრო დაუცველს ხდის სხვადასხვა სახის საფრთხეების, სადაზვერვო ოპერაციების და გავლენების წინაშე.
ფორმალურად, მზადყოფნის ახალი დონე ძალაში 1 ნოემბრიდან შევა, "ჩრდილოეთის ნაკადის" გაზსადენის აფეთქებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, რის გამოც საჭირო გახდა ქვეყნის შეიარაღებული ძალების გაგზავნა ნორვეგიის ნავთობის პლატფორმების დასაცავად.
გარდა ამისა, როგორც სააგენტო "როიტერსი" ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება, ნორვეგიის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობამ აშშ-ში დაგეგმილ სამხედრო სწავლებაში თავისი ავიაგამანადგურებლებით, F-35-ით მონაწილეობა გააუქმა, რადგან ამჟამად „ოსლოს ურჩევნია ისინი ნორვეგიაში იქონიოს“.
რუსეთის ენერგომატარებლების აკრძალვის შემდეგ ნორვეგია ევროკავშირისთვის გაზის უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა.