როგორ ცოცხლდებიან თოჯინები – ეკატერინე ბერიძის შემოქმედება
როგორი მოსაწყენი იქნებოდა სამყარო, თოჯინები რომ არ არსებობდნენ. ეს მშვენიერი ქმნილებები უამრავი ერისა და კულტურის განუყოფელი ნაწილია. ყველა შემოქმედი განსხვავებულად შთაბერავს მათ სულს და საკუთარი ხასიათის შტრიხებს თავის ნაკეთობებში აცოცხლებს.
„ვფიქრობ, ხელოვანი ადამიანის წარმატება ხალხზეა დამოკიდებული. იმაზე, თუ როგორ მიიღებს მის შემოქმედებას საზოგადოება. ამიტომ მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მათ, ვინც უდიდეს სტიმულს მაძლევს, რათა კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მივუდგე საყვარელ საქმეს“, – ეკატერინე ბერიძე თბილისში მცხოვრები ხელოვანია, რომელიც თოჯინებს აცოცხლებს.
ამბობს, რომ ხატვა და ხელსაქმე ყოველთვის იზიდავდა, თუმცა თოჯინების ხელოვნების შესწავლა თავდაპირველად მხოლოდ გართობისა და თავის შექცევის გამო გადაწყვიტა. დროთა განმავლობაში კი მიხვდა, რომ ეს მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.
„ჩემი პირველი თოჯინა დღემდე სახლში მაქვს. ალბათ, ვერასოდეს შეველევი. მართალია, ბევრი ნაკლი აქვს და არ არის ისეთი დახვეწილი, როგორიც დღევანდელი ნაკეთობები, თუმცა თავის დროზე იგი საოცრად ლამაზი და მშვენიერი წარმომედგინა“.
კითხვაზე, თუ როგორ ანიჭებს თოჯინებს ასეთ სახასიათო და რეალისტურ იერსახეს, პასუხობს, რომ ისინი შექმნის პროცესში იბადებიან.
„წინასწარ არასოდეს ვფიქრობ, როგორი გამოვა ჩემი თოჯინა. მხოლოდ საკუთარ განწყობას და გულის ხმას მივყვები. თუ დააკვირდებით, შეამჩნევთ ზოგიერთი მათგანი ძალიან სევდიანია. ალბათ, ჩემს სულიერ მდგომარეობას ირეკლავს“.
ვისაც თოჯინების შეძენა სურს, ეკატერინეს სოციალურ ქსელში უნდა დაუკავშირდეს და შეუკვეთოს სასურველი ნაკეთობა. შეკვეთის მიწოდება ხდება ერთი თვის განმავლობაში.
გარდა ამისა, ეკატერინე სასიამოვნო სიახლეს სთავაზობს მომხმარებელს. მალე გაიხსნება თოჯინების სახლი Doll House, სადაც ნახავთ უმაღლეს დონეზე შესრულებულ სხვადასხვა ტიპის და მრავალფეროვანი სტილის მქონე ნამუშევრებს. ასევე მსურველებს საშუალება ექნებათ ხელოვნების ეს დარგი ადგილზე შეისწავლონ.
ავტორი: ანო ტვილდიანი