რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: გაწვევის უწყებათა დარიგების პროცესი დასრულებულია
დასრულებულია ყველა ღონისძიება, რომლებიც უკავშირდებოდა მობილიზაციის ფარგლებში მიმდინარე გაწვევის პროცესს - იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. რუსეთის გენერალურმა შტაბმა შესაბამისი მიმართვები გაუგზავნა კომისარიატებს, შეწყდა სამუშაოები გაწვევის უწყებათა დასარიგებლად.
"მომავალში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების სამუშაო ორგანიზებული იქნება მხოლოდ მოხალისეებისა და სამხედრო სამსახურში კონტრაქტით გაწვეულთა ხარჯზე" - იუწყება სამინისტრო.
რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, როსტოვის ოლქის მცხოვრები, რომელმაც უწყება მიიღო, მობილიზაციის დასრულების შემდეგ ფრონტზე მოხალისედ გააფორმეს. მან გამოცემა 7х7-ს მოუთხრო, რომ ეს გაკეთდა მისი თანხმობის გარეშე.
"ვუთხარი, მე ხომ თანხმობა არ მიმიცია და არ მაქვს სურვილი სამხედრო სამსახური გავიარო. პასუხად მივიღე - ვერაფრით დაგეხმარებით, თავისუფალი ხართ, გამოცხადდებით 2-ში" - ყვება რეზერვისტი.
ოფიციალურად, მობილიზაცია დასრულდება მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის საგანგებო ბრძანების გამოსვლის შემდეგ. ამგვარი დოკუმენტის ხელმოწერის შესახებ ჯერჯერობით ცნობები არ არის.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ პუტინს 28 ოქტომბერს აცნობა, რომ დასრულდა სამობილიზაციო სამუშაოები. შოიგუს თქმით, გაწვევის საფუძველზე გამოძახებულ იქნა 300 ათასი ადამიანი, მათგან 82 ათასი უკვე გაიგზავნა წინა ხაზზე, 218 ათასი კი წვრთნას გადის.