გენერალი ზალუჟნი: მოწინააღმდეგემ სამჯერ გაზარდა საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ ფრონტზე არსებული სიტუაცია განიხილა ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების მთავარსარდალთან, ევროპაში აშშ-ის ძალების მეთაურთან, გენერალ კრისტოფერ კავოლისთან.
სატელეფონო საუბრის შემდეგ, გენერალმა ზალუჟნიმ ტელეგრამზე დაწერა, რომ ფრონტზე სიტუაცია დაძაბულია, მაგრამ აკონტროლებენ. ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, ფრონტის ცალკეულ მონაკვეთებზე მოწინააღმდეგემ სამჯერ, დღეში 80-მდე გაზარდა საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა, თუმცა, უკრაინელი მეომრების ვაჟკაცობის და ოსტატობის წყალობით, თავდაცვა გრძელდება.
გენერალ ზალუჟნის ინფორმაციით, მან და გენერალმა კავოლიმ განიხილეს რუსეთის სარაკეტო დარტყმების და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების პრობლემა. ვალერი ზალუჟნის განცხადებით, პარტნიორებს ესმით უკრაინისთვის რაკეტსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების გადაცემის აუცილებლობა და ამისთვის მნიშვნელოვან ძალისხმევას მიმართავენ.
ბოლო რამდენიმე კვირაა რუსეთის ჯარებმა შეტევა გაააქტიურეს დონბასში, რამდენიმე მიმართულებით, რასაც წინ უძღოდა მობილიზებულების ფრონტზე გაგზავნაც. უკრაინის არმია მოწინააღმდეგეს უტევს ქვეყნის არაერთ რეგიონში, მათ შორის ხერსონში, თუმცა, ამინდის გაუარესებასთან ერთად, კონტრშეტევა შენელდა. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ნოემბერს, ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ.