რომის პაპმა რელიგიათაშორის სამიტზე, ბაჰრეინში, დაგმო გამალებული შეიარაღება
4 ნოემბერს, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რომის პაპი ფრანცისკე შეუერთდა მუსლიმ, ქრისტიან და იუდეველ სასულიერო ლიდერებს და მოუწოდა მსოფლიოს დიდ რელიგიებს ერთად იმოქმედონ მშვიდობისთვის, იტყობინება AP.
ბაჰრეინის სამეფოში მიმდინარეო შეხვედრაზე, პაპმა განაცხადა, რომ რელიგია არასოდეს უნდა იქნეს გამოყენებული ძალადობის გასამართლებლად და რელიგიური ლიდერები წინ უნდა აღუდგნენ ძალაუფლების მქონეთა „ბავშვურ“ კაპრიზებს,“ გააჩაღონ ომები. ბაჰრეინის სამეფოში მიმდინარე შეხვედრის სპონსორია - ჰამად ბინ ისა ალ ხალიფა, ბაჰრეინის მეფე. ეს ფრანცისკეს მეორე ასეთი კონფერენციაა ყაზახეთის შეხვედრის შემდეგ, რომელიც ადასტურებს პაპის რწმენას, რომ სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანების შეხვედრებმა შეიძლება ხელი შეუწყოს თანამედროვე კონფლიქტების მოგვარებას და უფრო სამართლიანი და სტაბილური მსოფლიოს შენებას.
პაპმა მოუწოდა ბაჰრეინში ჩასულ სასულიერო ლიდერებს, იზრუნონ იმისთვის, რომ "უფსკრულის პირას" მყოფი სამყარო შემოაბრუნონ და წინ აღუდგნენ გამალებულ შეიარაღებას, რომელიც, მისი თქმით, გადაანაცვლებს "ცივი ომის" პერიოდის გავლენათა სფეროებს, წერს Reuters-ი.
უფლებადამცავმა ორგანიზაციებმა ბაჰრეინში გამგზავრებამდე მიმართეს რომის პაპს, სპარსეთის ყურეში მდებარე სამეფოში ოთხდღიანი სტუმრობისას მოითხოვოს სიკვდილით დასჯის გაუქმება. ბაჰრეინში ეთნიკურად და რელიგიურად განსხვავებული ჯგუფები ცხოვრობენ. მმართველი ძალა ისლამის სუნიტურ ფრთას მიეკუთვნებიან. თუმცა, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას შიიტები წარმოადგენენ.
ბაჰრეინში ცხოვრობენ ასევე კათოლიკე ქრისტიანები და მცირე რაოდენობის, სხვა რელიგიების მიმდევრები. ბაჰრეინი დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა 1970-იან წლებში რეფერენდუმის შედეგად, რის შედეგიც გაერომ აღიარა.