პუტინი უკრაინაში ომის დაწყების აუცილებლობაში პატრუშევმა და ბორტნიკოვმა დაარწმუნეს -The Times
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი და რუსეთის FSB-ის დირექტორი ალექსანდრე ბორტნიკოვი ყველაზე უფრო მტკიცედ უჭერდნენ მხარს შეიარაღებულ ინტერვენციას უკრაინაში და ფაქტობრივად მათ დაარწმუნეს პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომ დაეწყო სამხედრო ოპერაცია, - წერს ბრიტანული გამოცემა The Times-ი.
იგი აქვეყნებს ნაწყვეტებს ჟურნალისტ ოუენ მეტიუზის (Owen Matthews) მომავალი წიგნიდან, რომელიც, როგორც ავტორი აღნიშნავს, ეფუძნება ამ ინტერვენციის მზადების ისტორიაში ჩახედულ ადამიანებთან, მათ შორის რუსეთის მოღვაწეებთან საუბარს.
ავტორის თქმით, პატრუშევი, ბორტნიკოვი და მათთან ახლოს მყოფი რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების სხვა ფიგურები დარწმუნებულნი იყვნენ უკრაინაზე "პრევენციული" დარტყმის აუცილებლობაში და ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ ეს საჭირო იყო დასავლეთიდან სავარაუდოდ მზარდი სტრატეგიული საფრთხისგან რუსეთის გადასარჩენად. პუტინის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული ელიტური „როსგვარდიის“ ხელმძღვანელმა ვიქტორ ზოლოტოვმა აწ უკვე დახურულ რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ მთავარ რედაქტორთან, ალექსეი ვენედიქტოვთან საუბარში, თითქოს განაცხადა, რომ "უკრაინა არ არსებობს", ეს არის მხოლოდ ტერიტორია, რომელზეც გადის საზღვარი „ამერიკასა და რუსეთს შორის".
მათ შორის, ვინც უშუალოდ ამზადებდა უკრაინაში შეჭრას, პატრუშევის, ბორტნიკოვისა და თავად პუტინის გარდა, მეტიუზს დასახელებული ჰყავს თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუც. თუმცა, წიგნში მოცემული ინფორმაციის თანახმად, ის არ თამაშობდა იდეოლოგის როლს, არამედ იყო შემსრულებლის, რომელიც ზოგჯერ ყოყმანობდა. პუტინის გარემოცვაში ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად პატრუშევი დასახელდა.
პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ. პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ. პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". მაგრამ ამ ოპერაციის განმავლობაში რუსეთმა ვერც ერთ მიზანს ვერ მიაღწია - ვერ შეცვალა ვოლოდიმირ ზელენსკის ხელისუფლება და ვერ გაანადგურა უკრაინის შეიარაღებული ძალები, რომლებიც ომის ათი თვის თავზე კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა დასავლეთის ქვეყნების სამხედრო და ფინანსური დახმარების შედეგად.
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებულ საომარ მოქმედებებში დაიღუპა 7502 რუსი ოფიცერი და ჯარისკაცი, ამის შესახებ საუბარია„ბი-ბი-სისა“ და გამოცემა „მედიაზონის“ ერთობლივ ანგარიშში, რომლის თანახმად, ფრონტის ხაზზე ყველაზე დიდ დანაკარგს რუსეთის ელიტური ქვედანაყოფები განიცდიან.
რუსეთის ხელისუფლებამ ომის 8 თვის განმავლობაში ორჯერ გამოაქვეყნა ცნობა პირადი შემადგენლობის დანაკარგის თაობაზე.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ სექტემბრის ბოლოს განაცხადა, რომ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მსვლელობისას დაღუპულია 5937 რუსი სამხედრო. სახელმწიფო ტელეკომპანია „როსია 24-ის" ეთერში შოიგუმ ისიც თქვა, რომ უკრაინის არმიის პირადი შემადგენლობის დანაკარგი 100 ათასს აჭარბებს.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა ISLND TV-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთთან ომში 9 ათასზე მეტი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.