ბჟანიამ და გაგლოევმა პუტინს მიულოცეს „სახალხო ერთიანობის დღე“
საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტებმა, ასლან ბჟანიამ და ალან გაგლოევმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მიულოცეს „სახალხო ერთიანობის დღე“, რომელსაც რუსეთში დღეს, 4 ნოემბერს აღნიშნავენ.
ბჟანიას მისალოც წერილში, რომელის მის ვებსაიტზე გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ დღეს რუსეთი „მასშტაბური გამოწვევების და მძიმე გამოცდის“ წინაშეა და „მხოლოდ რუსეთის მთელი მრავალეროვანი ხალხის ერთიანობა და სოლიდარობა დაეხმარება რუსული არმიის სულის ამაღლებას და ქვეყნის ხელმძღვანელობის მიერ დასახული ამოცანების მიღწევას“. ასლან ბჟანია ვლადიმირ პუტინს იმასაც სწერს, რომ „აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულება ყოველთვის იყო და არის რუსეთის ფედერაციასთან მეგობრული ურთიერთობების განმტკიცება“.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი რუსეთის პრეზიდენტ პუტინს კარგ ჯანმრთელობასთან ერთად უსურვებს „დასახულის წარმატებით რეალიზაციას რუსეთის და მისი ხალხის საკეთილდღეოდ“. გაგლოევის საიტზე გამოქვეყნებული ტექსტის თანახმად, „რუსეთის მცხოვრებნი, ისევე, როგორც ქვეყნის საზღვრებს გარეთ მყოფი რუსეთის მოქალაქეები ეროვნების, აღმსარებლობის და საზოგადოებაში მათი მდგომარეობის მიუხედავად, ყოველთვის ერთიანი იქნებიან ისტორიული გამოცდების წინაშე“.
რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოში აღიარა.