გერმანიის კანცლერი ჩინეთს მოუწოდებს, გამოიყენოს მოსკოვზე გავლენა უკრაინაში ომის შესაჩერებლად
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 4 ნოემბერს ჩინეთის ლიდერთან შეხვედრის დროს მოუწოდა პეკინს, რომ გამოიყენოს რუსეთზე მისი გავლენა უკრაინაში მიმდინარე ომის შესაჩერებლად, რომელიც „ბევრ პრობლემას უქმნის ნორმებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს“.
ოლაფ შოლცი დასავლეთის პირველი ლიდერი გახადა, რომელიც სი ძინ პინს ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერად მისი ახალი ვადით არჩევის შემდეგ შეხვდა.
„მე ვუთხარი პრეზიდენტ (სის), რომ ჩინეთისათვის მნიშვნელოვანია გამოიყენოს რუსეთზე თავისი ზეგავლენა. რუსეთმა დაუყოვნებლად უნდა შეწყვიტოს იერიშები, რომლის გამოც ყოველდღიურად იტანჯება მშვიდობიანი მოსახლეობა და უნდა გავიდეს უკრაინიდან“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ჩინეთმა მხარი დაუჭირა პუტინს და ომის მთავარ დამნაშავეებად აშშ-ი და ნატო გამოიყვანა. როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, ამჟამად პეკინი მსგავს ენთუზიაზმს აღარ ამჟღავნებს, მაგრამ რუსეთის ქმედებების საწინააღმდეგოდ ჩინეთის მხრიდან არც ერთი კრიტიკული განცხადება არ გაკეთებულა.