“ამ უკანონო ომში მოსკოვს არც ერთი ქვეყანა არ უნდა დაეხმაროს“, - იენს სტოლტენბერგი
ნატოს გენერალურმა მდივანმა „მიუღებელი“ უწოდა ირანის გეგმებს, გადასცეს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად შეიარაღება, მათ შორის უპილოტო თვითმფრინავები და ბალისტიკური რაკეტები.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ირანი რუსეთს სთავაზობს უპილოტო თვითმფრინავებს და განიხილავს ბალისტიკური რაკეტების მიწოდების შესაძლებლობას. ეს მიუღებელია. არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა აღმოუჩინოს მოსკოვს დახმარება ამ უკანონო ომში“, - განაცხადა 3 ნოემბერს სტამბოლში მყოფმა იენს სტოლტენბერგმა.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინის ფრონტზე მარცხს განიცდის, რის გამოც "მისი პასუხი უფრო სასტიკი გახდა". ბოლო კვირების განმავლობაში "ჩვენ დავინახეთ უპილოტო თვითმფრინავების და რაკეტების იერიშები მთელ უკრაინაზე. მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე", - დასძინა იენს სტოლტენბერგმა, რომლის სიტყვებიც სააგენტო "ფრანს-პრესს" მოჰყავს.
ნოემბერის დასაწყისში დასავლური მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ირანი რუსეთში ათასამდე ერთეული იარაღის გასაგზავნად ემზადება. მათი ინფორმაციით, თეირანი მოსკოვს გაუგზავნის მცირე რადიუსის „მიწა-მიწა“ კლასის ბალისტიკურ რაკეტებს და საბრძოლო დრონების დამატებით პარტიას.
უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთი ბოლო ხანს აქტიურად იყენებს ირანული წარმოების Shahed-136-ის კლასის კამიკაძე დრონებს. Washington Post-ის ირანი ასევე დათანხმდა რუსეთს მცირე სიშორის „მიწა-მიწა“ ტიპის ბალისტიკური რაკეტების (Fateh-110 და Zolfagha) გადაცემას.
2 ნოემბერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააფრთხილა ირანი შესაძლო შედეგების თაობაზე, თუ რუსეთს რაკეტებსა და უპილოტო თვითმფრინავებს გადასცემს