თბილისის საკრებულოში დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
თბილისის საკრებულოში 13 სექტემბერს ვაკის პარკის შადრევანში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე საუბრის გამო დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა "ქართული ოცნებიდან", ირაკლი ხელაძემ ოპოზიციაზე საუბარი დაიწყო და გააკრიტიკა თბილისის მერის, კახა კალაძის გადადგომის მოთხოვნის გამო.
"საზოგადოებას ვუთხრათ, როგორ იყენებდა ამ ყველაფერს ოპოზიცია საკუთარი პოლიტიკური ინტერესების დასაკმაყოფილებლად. ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ სხვა ტრაგედიებიდან, ძველ დროში ბავშვების გარდაცვალებიდან რაღაც დივიდენდები ჰქონდათ და ეს მოლოდინები ახლაც გააჩნდათ, მაგრამ, ვფიქრობ, საზოგადოება სწორად აფასებს, ვინ არის გულწრფელი ამ პროცესში...
13 წლის მოზარდის გარდაცვალება ოპოზიციურ პარტიებს რომ ფრთებს ასხამს, აი, ამით ხდება პოლიტიზების დემონიზება და რომ გაცოცხლებთ. ეტყობა, ვინ არის მოტივირებული პოლიტიკური ქულებისთვის და ვინ სიმართლის დადგენაზე...
ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე აკეთებდით აქცენტებს, აპელირებდით და ოთხი შვილის მამას [კახა კალაძეს], რომლებსაც სავარაუდოდ წვდომა აქვთ სოციალურ ქსელებზე, უყურებენ ტელევიზორს, პირდაპირ დებდით ბრალს, სთხოვდით პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას, რაც პირდაპირ დადანაშაულებას ნიშნავს... საზოგადოებას პირდაპირ ვეუბნები, 13 წლის მოზარდის გარდაცვალებით თქვენ იქმნით პოლიტიკურ ასპარეზს", - თქვა ირაკლი ხელაძემ.
მის ამ გამოსვლის დროს სხდომათა დარბაზში დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, იყო ერთმანეთთან ფიზიკურად მიახლოების მცდელობაც.
"მე ამ პოლემიკაში მონაწილეობას არ ვაპირებ იმიტომ, რომ პირადად მე და ჩვენ კითხვები გვაქვს კახი კალაძესთან. ვაკის შადრევანზე რომ ვისაუბროთ, შადრევანს რომ გახსნი დიდი ზარ-ზეიმით და იქ რომ დაპატიჟებ ბავშვებს, მშობლებს და რამდენიმე საათში დაიღუპება ანგელოზივით ბავშვი, აქ არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა და უნდა გადადგე. აღარ სჭირდება ამას აღარც გამოძიება და აღარც ექსპერტიზა", - თქვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ირაკლი ნადირაშვილმა საკრებულოს სხდომაზე.
ოპოზიციონერი დეპუტატის ეს კრიტიკა მიუღებელი აღმოჩნდა საკრებულოში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარისთვის. ოთარ გრიგოლიამ თბილისის მერის, კახა კალაძეზე პასუხისმგებლობის დაკისრების გამო ირაკლი ნადირაძე გააკრიტიკა.
"წეღან, ძალიან გაბრაზდით, როცა ირაკლიმ გითხრათ პოლიტიკურად როგორ იყენებთო ამ სიტუაციას და ცდილობთ თქვენ სასიკეთოდ გამოყენებასო. შენ [მიმართავს ირაკლი ნადირაშვილს] არ იყავი წეღან, კახი კალაძე დამნაშავეაო, მეტი რა უნდა თქვა, ბიჭო. მეტი როგორ უნდა გამოიყენო შენს სასიკეთოდ, მეტი როგორ უნდა დაეცე ამ ლაპარაკში, სხვას რომ აკრიტიკებ.
როცა იყენებ ამ უბედურებას შენს სასიკეთოდ, შენ იწერ პოლიტიკურ ქულებს, გინდა დააზიანო კახი კალაძე იმისთვის, რომ არჩევნებში მეტი ხმა...
ფრაქციის სხდომაზე, რომელიც გარდაცვალებიდან მეორე დღეს გვქონდა ჩანიშნული, გასუსულები ვიყავით, ვერ ვლაპარაკობდით ისეთი უბედურება დატრიალდა და ადამიანებმა დაიწყეთ ბრიფინგების ჩატარება კახი კალაძის დაბარებაზე და მის გადადგომაზე. ამის მერე როგორ ლაპარაკობთ რამეზე..." - თქვა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.
რამდენიმე დღის წინ თბილისის საკრებულოში არ დაკმაყოფილდა ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა რიგგარეშე სხდომის ჩატარებაზე. ოპოზიციური პარტიები, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობა" და "ლელო", სხდომაზე თბილისის მერის, კახა კალაძის მისვლას ითხოვდნენ.
მას შემდეგ, რაც ვაკის პარკში 13 ოქტომბერს, განახლებული შადრევნის გახსნის მეორე დღეს, სამ ბავშვს დენმა დაარტყა, რომელთაგან ერთი მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა, ოპოზიციური პარტიები თბილისის მერის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ. ამის გამო გადაწყვიტეს მათ თბილისის საკრებულოში კახა კალაძის დაბარება.