მთიანი ყარაბაღის მთავრობის ხელმძღვანელი რუბენ ვარდანიანი იქნება
მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა არაიკ არუთიუნიანმა, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დანიშნა რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნესმენი, რუბენ ვარდანიანი, რომელმაც დაიკავა ართაკ ბეგლარიანის თანამდებობა.
54 წლის ბიზნესმენის მოვალეობა იქნება სამინისტროების და კომიტეტების მუშაობის კოორდინირება. Forbes-ის რუსული გამოცემა ვარდანიანს უწოდებს „რუსეთის საფონდო ბირჟის ერთ-ერთ მამას“. მან 1991 წელს შექმნა საბროკერო ფირმა ამერიკელ პარტნიორთან ერთად, შემდეგ ის გაიყიდა და შეძლებული პირების და კაპიტალს განაგებდა, ჩაბმული იყო საქველმოქმედო საქმიანობაში.
წელს სექტემბერში მან გამოაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეობას ტოვებს და გადადის საცხოვრებლად მთიან ყარაბაღში.
სომხებით დასახლებული, სამართლებრივად აზერბაიჯანის კუთვნილი, რეგიონი სომხურმა ძალებმა დაიკავეს 1990-იან წლებში და დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. რეგიონი არც ერთ ქვეყანას არ უღიარებია. 2020 წლის ნოემბერში, ე.წ. 44-დღიანი ომის შემდეგ, სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთის შუამავლობით შეთანხმდნენ საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე. ამ შეთანხმებით, აზერბაიჯანმა დაიბრუნა ყარაბაღის რამდენიმე რაიონზე 90-იან წლებში დაკარგული კონტროლი. რეგიონში განთავსდა რუსეთის "სამშვიდობო კონტინგენტი".