მოლაპარაკების წინ სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს აბრალებენ სამშვიდობო შეთანხმების დარღვევას
მოლაპარაკების მორიგი რაუნდის წინ სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს აბრალებენ სამშვიდობო შეთანხმების დარღვევას თავიანთ დაძაბულ საზღვარზე.
ახალი დაძაბულობის ფონია 7 ნოემბერს ვაშინგტონში დანიშნულია შეხვედრა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს შორის. სამშვიდობო მოლაპარაკებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უმასპინძლებს.
მაშინ, როცა უკრაინაში შეჭრის გამო სულ უფრო ღრმავდება მოსკოვის საერთაშორისო იზოლაცია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკების შუამავლის როლი აშშ-ზე და ევროკავშირზე გადადის.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შავი ზღვის საკურორტო ქალაქ სოჭში 31 ოქტომბერს შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. შეხვედრაზე აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ძალას არ გამოიყენებენ და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრისას დაეყრდნობიან უკვე არსებულ შეთანხმებებს.
გასულ თვეში ორ ქვეყანას შორის გაჩაღდა ყველაზე ინტენსიური კონფლიქტი 2020 წლის შემდეგ, შეტაკებებს ემსხვერპლა 200-ზე მეტი ადამიანი. შეტაკებები მოხდა მიუხედავად 2020 და 2021 წლების შეთანხმებებისა, რომ კონფლიქტს მშვიდობიან გადაჭრას მოუძებნიდნენ.
მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა 1990-იანი წლების დასაწყისში გამოაცხადეს ეთნიკურმა სომხებმა, რომლებიც მანამდე სახლობდნენ მთიანი ყარაბაღის საბჭოთა ავტონომიურ ოლქში. დამოუკიდებლობა არცერთ სახელმწიფოს არ უღიარებია. 2020 წლის საომარი მოქმედებების შემდეგ რეგიონის ნაწილი აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ გადავიდა.
საერთაშორისო თანამეგობრობა მთიან ყარაბაღს აღიარებს აზერბაიჯანის სუვერენული ტერიტორიის ნაწილად, თუმცა ბაქო 1990-იანი წლების დასაწყისიდან არ აკონტროლებდა რეგიონის დიდ ნაწილს.