რუსეთი ჩრდილოეთ კორეას სამხედრო ფორმებს აკერვინებს გაეროს სანქციების გვერდის ავლით
რუსეთმა საკუთარი არმიისთვის ზამთრის ფორმის შეკერვა ჩრდილოეთ კორეას შეუკვეთა, რითაც დაარღვია ფხენიანის წინააღმდეგ გაეროს მიერ დაწესებული სანქციები. ამის შესახებ „რადიო თავისუფალი აზია“ იტყობინება ჩრდილოეთ კორეაში ანონიმი წყაროების მიხედვით.
გამოცემის თანახმად, ფხენიანში მინიმუმ სამი ფაბრიკა და ქვეყნის მასშტაბით კიდევ რამდენიმე საწარმო აწარმოებს უკრაინაში მეომარი რუსი სამხედროებისთვის ზამთრის ფორმებს, ქვედა საცვლებსა და ფეხსაცმელებს.
2017 წელს გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც კრძალავს კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკიდან ნებისმიერი საფეიქრო ნაწარმის იმპორტს. ეს პასუხი იყო ცნობაზე, რომ ჩრდილოეთმა კორეამ წყალბადის ბომბი გამოცადა. სანქციებს მხარი დაუჭირა საბჭოს 15-ვე წევრმა, მათ შორის რუსეთმა. ვარაუდობდნენ, რომ აკრძალვა ჩრდილოეთ კორეის შემოსავალს წელიწადში დაახლოებით 800 მილიონი დოლარით შეამცირებდა.
ფორმების შესყიდვა კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში სამუშაოთი უზრუნველყოფს ათასობით ადამიანს. თავის მხრივ, მოსკოვი უკრაინაში ომისთვის ფორმების მკვეთრ ნაკლებობას განიცდის.
კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც აღიარა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის, ზაპოროჟიესა და ნიკოლაევის ოლქის ნაწილის ანექსია რუსეთის მიერ. „რადიო თავისუფალი აზიის“ თანახმად, თებერვალში უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის შემდეგ ჩრდილოეთ კორეის პროპაგანდამ უფრო ხშირად დაიწყო ლაპარაკი ფხენიანისა და მოსკოვის მეგობრობის შესახებ. ადრე ამერიკის დაზვერვა იტყობინებოდა, რომ, შესაძლოა, რუსეთის არმია ჩრდილოეთ კორეისგან იღებდეს საარტილერიო ჭურვებს. ფხენიანის წარმომადგენლები უარყოფენ ამას.