„ჩააბარეს ხერსონი, ჩააბარებენ მოსკოვსაც“ - ამ შინაარსის ლოზუნგისთვის რუსეთში ოპოზიციის აქტივისტი დააკავეს
რუსეთის ქალაქ პერმის ცენტრში უსაფრთხოების ძალებმა დააკავეს აქტივისტი ოლგა სიუტკინა, რომელსაც ხელთ ეპყრა პლაკატი წარწერით: "მათ ჩააბარეს ხერსონი, ისინი ჩააბარებენ მოსკოვსაც". ტელეგრამის არხ „მოლოტოვზე“ დაყრდნობით ამის შესახებ 11 ნოემბერს გამოცემა "OVD news-ი იუწყება.
პლაკატზე, ტექსტის გარდა, განთავსებული იყო ასევე რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს გამოსახულება კლოუნის პარიკითა და გრიმით და ასევე წარწერა: „დაგუგლე სისხლის სამართლის კოდექსის 280.1 მუხლი“. ამ მუხლის თანახმად, დასჯადად ცხადდება რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ საჯარო მოწოდებები.
როდესაც პოლიცია სიუტკინას მიუახლოვდა, მან ხელი გადაიჭრა სიტყვებით: "ეს არის რუსი ხალხის სისხლი." უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა ახალგაზრდა ქალს პირველადი დახმარება არ აღმოუჩინეს, არც სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოსვლას დაელოდნენ და დაკავებული პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
პოლიციის განყოფილებაში ოლგა სიუტკინას შეუდგინეს ოქმი რუსეთის არმიის დისკრედიტაციის მუხლით (ადმინისტრაციული კოდექსის 20.3.3 მუხლის პირველი ნაწილი).
სიუტკინა რუსეთის ეროვნულ-ბოლშევიკური პარტიის წევრია. აღნიშნული პარტია თავისი დროზე დააარსა აწ გარდაცვლილმა მწერალმა ედუარდ ლიმონოვმა, რომელიც რუსეთის ამჟამინდელ მთავრობას "პატრიოტული" პოზიციებიდან აკრიტიკებდა.