უკრაინის ძალების გენშტაბი: ბელარუსში კლინიკები გადავსებულია რუსი სამხედროებით
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, რუსული ძალები უშედეგოდ ცდილობდნენ განეხორციელებინათ შეტევები უკრაინის პოზიციებზე ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში.
უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ გამაგრებას ხერსონის ოლქში, დეოკუპირებულ დასახლებულ პუნქტებში. ამასთანავე, რუსეთის არმია იშენებს თავდაცვის პოზიციებს დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, საიდანაც უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, განხორციელდა ოთხი სარაკეტო და 16 საავიაციო დარტყმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის არმიის მხრიდან საჰაერო-სარაკეტო დარტყმების ქვეშ მოყვა 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი ზაპოროჟიეში, ჩერკასკში, ხარკოვისა და დონეცკის ოლქებში.
მათივე ცნობით, ბრესტსკის ოლქში, განსაკუთრებით იმ რაიონებში, სადაც რუსეთის არმიის ქვედანაყოფები თავსდებიან, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი დატვირთვა სოციალურ სფეროზე.
ადგილობრივი საავადმყოფოები გადავსებულია რუსეთის არმიის ჯარისკაცებით. მათ შორის არიან, როგორც დაჭრილები, ისე ავადმყოფები, რომლებიც დაავადნენ სამხედრო ბანაკებში არსებული არადამაკმაყოფილებელი პირობების გამო. გენშტაბის განცხადებით, ექიმები იძულებულები არიან, უარი უთხრან ბელარუს მოქალაქეებს, რომლებსაც სამედიცინო დახმარება სჭირდებათ.
გარდა ამისა, გენშტაბის ინფორმაციითვე, ოკუპირებულ მელიტოპოლში, 12 ნოემბერს ჩავიდნენ რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის შედეგად შეკრებილი რუსეთის მოქალაქეები. ქალაქში ჩასვლის შემდეგ, მათ დაიწყეს საკვების, სამოქალაქო ტანსაცმლისა და ალკოჰოლის მასობრივი შესყიდვა.