რატომ არის კითხვა მნიშვნელოვანი
ალბათ, ყველას გვსმენია ფრაზა, “რამდენი წიგნია და რა ცოტა დრო”, მართლაც სამყაროში უამრავი საოცარი ისტორიის მქონე წიგნი არსებობს, რომელთა წასაკითხად ერთი სიცოცხლე საკმარისი ნამდვილად არ არის. თუმცა იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ არსებობს წიგნები, რომელთა წაკითხვაც მთელი მსოფლიო ლიტერატურის გაცნობას უდრის, რადგან თავის თავში სამყაროს სათქმელს ატარებს.
წიგნები ყველა ადამიანისთვის განსხვავებული მნიშვნელობის მატარებელია. ვისაც კითხვა უყვარს, მას ეს პროცესი განტვირთვასა და სიამოვნების მიღებაში ეხმარება. ეს იშვიათი გამონაკლისია, რომელიც ძალიან სასიამოვნოსთან ერთად, უაღრესად სასარგებლოცაა.
პირველ რიგში, წიგნის კითხვა ტვინს ეხმარება გავარჯიშებაში. აუმჯობესებს კონცენტრაციის უნარსა და მეხსიერებას. ზრდის ცოდნის დონეს, მსოფლმხედველობას და გვეხმარება ვიმოგზაუროთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, გავეცნოთ განსხვავებულ კულტურებს. შევიტყოთ როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები ამა თუ იმ ეპოქაში, რა ეცვათ, როგორ საუბრობდნენ, რაში მდგომარეობდა მათი ფასეულობები. რაც აღრმავებს ჩვენს ხედვას და მიღებული განათლება გვეხმარება გავხდეთ უფრო თავდაჯერებულები, რაც თავის მხრივ ზრდის მოტივაციას.
კითხვა გვეხმარება უკეთ დაძინებაში და ამცირებს სტრესს, დეპრესიასა და შფოთვას. ავითარებს საკომუნიკაციო უნარებს. გვხდის უფრო ემპათიურს, რის შედეგადაც უკეთ ვუგებთ, როგორც საკუთარ თავს, ისე სხვა ადამიანებს.
წყარო/ფოტო: Everyday Health