ევროკავშირში გაყინეს რუსეთის კუთვნილი 68 მილიარდი ევროს აქტივები
ევროკავშირში გაყინეს რუსეთის კუთვნილი აქტივები, რომელთა საერთო ღირებულება 68 მილიარდი ევროა. მათი უდიდესი ნაწილი ბელგიაშია. ამის შესახებ Politico იტყობინება ევროკავშირის შიდა დოკუმენტებზე დაყრდნობით.
ბელგიაში გაყინეს 50 მილიარდი ევრო. გაყინული აქტივების მოცულობით მეორე ადგილზეა ლუქსემბურგი - 5,5 მილიარდი ევრო. როგორც Politico წერს, ამ ქვეყნებზე იტალიასთან, გერმანიასთან, ირლანდიასთან, ავსტრიასთან და საფრანგეთთან ერთად მოდის გაყინული აქტივების 90%. ევროკავშირისთვის უცნობია ზუსტი თანხა, რომელიც რუსეთის ეროვნულ რეზერვებზე მოდის, მაგრამ ვარაუდობს, რომ ის დაახლოებით 33,8 მილიარდი ევრო უნდა იყოს. დოკუმენტში, რომელიც რედაქციამ მოიპოვა, ნათქვამია, რომ „ამ თანხის შეფასება გრძელდება, ამიტომ არ ხდება მისი ციტირება“.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აშშ-მა, ევროკავშირმა და ზოგმა სხვა ქვეყანამ სანქციები დაუწესეს და აქტივები გაუყინეს რუსეთს და რუს ოლიგარქებს. ნოემბერში რუსეთი ლიდერად იქცა მისთვის დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების რაოდენობის მიხედვით და ამ მაჩვენებლით გაუსწრო ლიბიასა და ირანს. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გაყინა რუსეთის მოქალაქეების კუთვნილი აქტივები. მათი ღირებულება საერთო ჯამში 18 მილიარდ გირვანქა სტერლინგს, ანუ 20,5 მილიარდ დოლარს უდრის.