ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი კიევში ჩავიდა
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი კიევში ჩავიდა. ის უკვე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.
"ომის პირველი დღეებიდან უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს ძლიერი პარტნიორობა აკავშირებს. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ვიმსჯელეთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ისე გლობალური უსაფრთხოებისთვის. ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ და მივაღწევთ სასურველ შედეგს", - წერს ზელენსკი საკუთარ ფეისბუქგვერდზე.
შეხვედრის ამსახველ კადრებს ავრცელებს ბრიტანეთის პრემიერიც. იგი ტვიტერის გვერდზე წერს:
"ბრიტანეთმა იცის, რას ნიშნავს თავისუფლებისთვის ბრძოლა. ჩვენ თქვენთან ვართ".
BBC-ის ცნობით, ზელენსკისთან შეხვედრის დროს პრემიერმა თქვა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას ახალი საჰაერო თავდაცვითი პაკეტით უზრუნველყოფს, რუსული თავდასხმისაგან უკრაინელი ხალხისა და ქვეყნის ეროვნული ინფრასტრუქტურის დასაცავად.
42 წლის რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა 25 ოქტომბრიდან, მას შემდეგ, რაც მეფე ჩარლზ მესამემ დაავალა მთავრობის ფორმირება. ერთი დღით ადრე, სუნაკი აირჩიეს მმართველი კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარედ.
დიდი ბრიტანეთის წინა პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი არჩევიდან თვე-ნახევარში გადადგა მას შემდეგ, რაც მისი ეკონომიკური პოლიტიკა სერიოზულ წინააღმდეგობებს წააწყდა.