ბრიტანეთი უკრაინას 120 სპეციალური საზენიტო დანადგარითა და რადიოსალოკაციო სადგურით უზრუნველყოფს - რიში სუნაკი
დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 სპეციალური საზენიტო ქვემეხითა და სარადარო სადგურით უზრუნველყოფს,-ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ ასევე მოგაწვდით ახალ დახმარებას, მათ შორის 120 სპეციალურ საზენიტო დანადგარსა და ასევე რადარებს. ჩვენ ასევე დაგეხმარებით სამხედრო მედიკოსებისა და ინჟინრების მომზადებაში", - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერი-მინისტრმა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, წელს უკრაინისათვის ბრიტანეთის დახმარება 2,4 მილიარდ გირვანქა სტერლინგზე მეტი მოცულობისა იქნება და გაგრძელდება მანამ, სანამ „თქვენ უტევთ რუსეთის ჯარებს და სანამ თქვენი ინფრასტრუქტურის ობიექტები და თქვენი სახლები ნადგურდება“, - მიმართ რიში სუნაკმა პრეზიდენტ ზელენსკის.
"ომის პირველი დღეებიდან უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს ძლიერი პარტნიორობა აკავშირებს. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ვიმსჯელეთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ისე გლობალური უსაფრთხოებისთვის. ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ და მივაღწევთ სასურველ შედეგს", - წერს ზელენსკი საკუთარ ფეისბუქგვერდზე.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი კიევს მოულოდნელად 19 ნოემბერს ესტუმრა.
42 წლის რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა 25 ოქტომბრიდან, მას შემდეგ, რაც მეფე ჩარლზ მესამემ დაავალა მთავრობის ფორმირება. ერთი დღით ადრე, სუნაკი აირჩიეს მმართველი კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარედ.