როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა
კითხვა ძალიან სასარგებლო პროცესია, რომლის საშუალებითაც ბავშვს უვითარდება მეხსიერება, კონცენტრაციის უნარი. უკეთ ითვისებს ენას, იღრმავებს ხედვას, სამყაროს აღქმის შესაძლებლობებს და ფანტაზიას. თუმცა ბავშვებს, ჩვეულებრივ, კითხვა არ უყვართ. ამ დროს იძულება დაუშვებელია. მათ კითხვა ისე უნდა შევაყვაროთ, რომ ცოდნასთან ერთად დადებითი ემოციებიც მიიღონ და უფრო მეტი მოთხოვნილება გაუჩნდეთ წიგნებთან ურთიერთობის.
პირველ რიგში, მიეცით საშუალება თავად აირჩიოს წიგნი, არ შესთავაზოთ თქვენი ვარიანტი. წაიყვანეთ საბავშო წიგნების მაღაზიაში და თავად გადაწყვიტოს, რომელი იქნება მისთვის მიმზიდველი. ეს თავს სრულფასოვნად აგრძნობინებს და არჩევანის დამოუკიდებლად გაკეთება თავდაჯერებულებას შემატებს.
თუ თავად არ მოინდომებს არჩეული წიგნის წაკითხვას, თქვენ წაუკითხეთ ძილის წინ პატარა თავები. თან ეცადეთ დააინტერესოთ. მაგალითად, რამდენიმე გვერდის წაკითხვის შემდეგ გაჩერდით და კითხეთ ბავშვს რას ფიქრობს, რა დაამახსოვრდა განსაკუთრებულად ან მისი აზრით რა შეიძლება მოხდეს შემდეგ. ეს მას ინტერესს გაუღვივებს.
ბავშვებს უყვართ საყვარელ პერსონაჟებზე საუბარი, მათი შედარება, დახასიათება. ყველას სხვადასხვა ჟანრი მოსწონს, ფენტეზი, სათავგადასავლო, ისტორიული. ძალიან კარგია მკითხველთა კლუბში მონაწილეობა, თუ თქვენ გარშემო მსგავს აქტივობას ვერ პოულობთ, შესაძლებელია, შეუქმნათ ისეთი გარემო, სადაც თავს კომფორტულად და საინტერესოდ იგრძნობს. თუ სახლში ექნება ბიბლიოთეკა და წიგნი მისთვის ხელმისაწვდომი აღმოჩნდება, უფრო დიდი შანსია, კითხვა დაიწყოს.
თუ დაბადების დღეზე ბავშვს წიგნს აჩუქებთ, შესაძლოა, დიდად კმაყოფილი არ დარჩეს, მაგრამ ჩვეულებრივ დღეებში წიგნის ჩუქება, მას მეტად დააინტერესებს, რადგან ჩათვლის, რომ ეს რაღაც მიზეზით მოხდა. მართალია, წიგნი ყდით არ ფასდება, მაგრამ ბავშვი ილუსტრაციებს დიდ ყურადღებას აქცევს, ამიტომ აჩუქეთ ისეთი მასალისა და ილუსტრაციისგან დამზადებული წიგნი, რომელიც მას მოხიბლავს.
წყარო/ფოტო: Shutterstock