რა ახდენს გავლენას ადამიანის ხასიათის თავისებურებებზე
ყველა ადამიანს თავისებური ხასიათი აქვს. ყველას სხვადასხვა რამ მოსწონს ან არ მოსწონს. ეს განსხვავებები ქმნის პერსონალურ უნიკალურობას.
მაგრამ როგორ ყალიბდება ადამიანი პიროვნებად?
ბოლო 25 წლის განმავლობაში ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ინდივიდის პერსონალურ ხასიათს რამდენიმე მახასიათებელი ქმნის. ესენია ემპათიურობა, კეთილსინდისიერება, ექსტრავერსია და გამოცდილებისადმი ღიაობა.
მათი კვლევების მიხედვით, არავინაა მთლიანად ექსტროვერტი ან ინტროვერტი. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული თვისებების მატარებლები ვართ, არც ერთ უკიდურესობას მივეკუთვნებით, არამედ სადღაც მათ შორის ვიმყოფებით.
ხასიათის თავისებურება და ქცევა დამახასიათებელია არა მხოლოდ ადამიანებისთვის, არამედ ცხოველებისთვისაც.
“კვლევამ აჩვენა, რომ ცხოველებს, ჭიანჭველებით დაწყებული მაიმუნებით დამთავრებული, აქვთ საკუთარი ხასიათი. ქცევის უნივერსალურობა მიუთითებს ევოლუციურ წარმოშობაზე. ცხოველებსა და ადამიანებს აქვთ გადარჩენის საერთო მიზანი“, – თქვა ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა ფრენკ სალოვეიმ.
ევოლუციური ფესვი ნიშანია იმისა, რომ თვისებები მემკვდრეობითაა მიღებული. ადამიანის პიროვნების მახასიათებლების ნახევარიც გენეტიკურია. პიროვნების დანარჩენი სახეცვლილება არის გარემოებების ზემოქმედების შედეგი. ინდივიდის ჩამოყალილებაში ძალიან დიდ როლს ასრულებს ცხოვრებისეული გამოცდილება.
თუ ადამიანი ჰარმონიულ გარემოში იზრდება, სადაც მას ბავშვობიდან აქვს არჩევანის თავისუფლება, პირადი სივრცე, ინდივიდუალური განვითარების შესაძლებლობა, ზრდასრულ ასაკში არის უფრო დამოუკიდებელი, ძლიერი, საკუთარ თავში დარწმუნებული.
ბავშვობის ტრამვები უარყოფითად აისახება თვითშეფასების ქონასა და საკუთარ თავთან ჰარმონიულ ურთიერთობაზე. წარსულის ნეგატიური გამოცდილება იწვევს კოგნიტური უნარების განვითარების შეფერხებას, სტრესს, დეპრესიას. ადამიანს უჭირს საკუთარ თავში გამორკვევა, შესაბამისად, არ აქვს გამოკვეთილი იდენტური მახასიათებლები.
ამ ტრამვებისგან გათავისუფლება ხანგრძლივი და რთული პროცესია. ზოგჯერ ადამიანს სჭირდება ფსიქოლოგის დახმარება, ზოგჯერ დამოუკიდებლად უმკლავდება ამ გამოცდილებას. ამისათვის აუცილებელია სოციალიზაცია, ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ცუდ ჩვევებთან ბრძოლა და საკუთარი თავის მიმართ მოთმინების გამოხატვა.
თუ თავს დაკარგულად გრძნობთ, გახსოვდეთ, რომ ყველა ადამიანი, ისევე როგორც თქვენ, არის უნიკალური და განსაკუთრებული. მოძებნეთ ის, რაც კარგად გამოგდით, იზრუნეთ მის განვითარებაზე. იმუშავეთ თვითშეფასების ამაღლებასა და თვითრწმენის გამომუშავებაზე. უბრალოდ არ იფიქროთ ნეგატიურად. რამდენად მძიმეც არ უნდა მოგეჩვენოთ რეალობა, ყოველთვის იფიქრეთ, რომ გამოგივათ, გაუმკლავდებით.
პირველ რიგში, ისწავლეთ საკუთარი ფიქრების კონტროლი. ის, ვინც აკონტროლებს საკუთარ თავს, აკონტროლებს სამყაროს, რადგან თითოეული ადამიანი ცალკეული, უნიკალური სამყაროს ნიმუშია.
წყარო/ფოტო: Live Science