მელიას თქმით, მოლოდინია, რომ თავმჯდომარის კანდიდატად მუმლაძე "დროებით იასპარეზებს" და მასთან ერთად ხაბეიშვილი დარჩება
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, მოლოდინი აქვს, რომ პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატები კიდევ უფრო შემცირდება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.
მელიას განცხადებით, იგი ფიქრობს, რომ კანდიდატად გიორგი მუმლაძე "დროებით იასპარეზებს" და საბოლოოდ, ის და ლევან ხაბეიშვილი "იპაექრებენ".
"როდესაც ყოველგვარი კომფრონტაციის გარეშე, ბატონმა [გიორგი] ჩალაძემ და [გიორგი] მუმლაძემ კანდიდატურა დააყენეს, ეჭვი არ შეგვპარვია, ერთხმად, პარტიაში ყველამ განვაცხადეთ, რომ ერთიც და მეორეც არჩევნებამდე კანდიდატურას მოიხსნის. ამაში მე ეჭვი არ მეპარება და არც ჩემს თანამოაზრეებს. საბოლოო ჯამში იქნება ორი კანდიდატი. ამ წუთას ყველას ასე ვფიქრობთ, რომ ბატონი [გიორგი] მუმლაძე დროებით იასპარეზებს და საბოლოო ჯამში დავრჩებით მე და ბატონი ლევანი [ხაბეიშვილი] და ვიპაექრებთ.
შემთხვევით საერთოდ არაფერი არ ხდება, განსაკუთრებით, პოლიტიკაში, განსაკუთრებით, ნაციონალურ მოძრაობაში", - განაცხადა ნიკა მელიამ.
გიორგი ჩალაძემ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატურა 16 ნოემბერს მოხსნა. იმავე დღეს ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატად საკუთარი თავი ლევან ხაბეიშვილმა წარადგინა, იმის მიუხედავად, რომ გასულ კვირაში ამ პროცესში კანდიდატად მონაწილეობას გამორიცხავდა.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" შიდა არჩევნებში თავმჯდომარეობისთვის ასევე იბრძოლებენ პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია და აქტივისტი გიორგი მუმლაძე.