IAEA: ბირთვული სადგურის დაცხრილვის შემდეგ, უკრაინა მცირედით გადაურჩა ატომურ კატასტროფას
გაეროს ბირთვული სააგენტოს განცხადებით, უკრაინა მცირედით გადაურჩა ატომურ კატასტროფას მას მერე, რაც რუსეთის მიერ კონტროლირებულ ზაპოროჟიეში შაბათ-კვირას ბირთვული ელექტროსადგური დაცხრილეს.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) 19 ნოემბრის საღამოს და 20 ნოემბრის დილას აცხადებდა "მძლავრ აფეთქებებზე" ამ, ევროპის უდიდეს ბირთვულ სადგურზე. კიევი და მოსკოვი ერთმანეთს ადანაშაულებდნენ ინციდენტებში, რომლებითაც დაზიანდა სადგურის გარკვეული შენობები და აღჭურვილობა.
IAEA-ის ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ 20 ნოემბერს გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერს, რომ ვისაც უნდა ესროლა სადგურისთვის, მან "ბევრი ადამიანის სიცოცხლით გარისკა".
"გაგვიმართლა, რომ არ მოხდა პოტენციურად სერიოზული ბირთვული ინციდენტი", - ამბობს გროსი და დასძენს, რომ ამგვარ ინციდენტამდე მცირედი რჩებოდა.
"შემდეგ ჯერზე ასეთი იღბლიანები შეიძლება აღარ ვიყოთ", - აღნიშნავს გროსი.
რადიაციის დონე ნორმალური რჩება და მსხვერპლის შესახებ ცნობები არ არის, აცხადებს IAEA. ბირთვული უსაფრთხოების სისტემებზე პირდაპირი გავლენა არ ყოფილა, თუმცა "სროლა მათთან სახიფათოდ ახლოს იყო", - ამბობს გროსი.